ვერ მივიღეთ რწმუნება „სუბსიდიის ხარჯებისა“ და „მოკლევადიანი დავალიანებების“ მუხლებში თანხების სისწორეზე - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2022 წლების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა მიზნობრიობით, პირობით სუბსიდიის გაცემას.

აუდიტის დასკვნის თანახმად, სააგენტო ზემოაღნიშნული სუბსიდიის თანხას ხარჯად აღიარებს მაშინ, როდესაც პროგრამის ბენეფიციარებისთვის თანხა გადაირიცხება და არა მაშინ, როდესაც პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა დადასტურდება.

სააგენტომ ბენეფიციარისთვის გადახდილი თანხა უნდა აღიაროს მოთხოვნად და არა ხარჯად, ხოლო გადახდილი თანხების მიზნობრიობის დადასტურების შემდეგ უნდა დაარიცხოს სუბსიდიის ხარჯი.

შერჩევის საფუძველზე შესწავლილი ხელშეკრულებებიდან, ზოგიერთ შემთხვევაში 2022 წელს ბენეფიციარისთვის გადარიცხული თანხა 2022 წლის ხარჯად არის აღიარებული, ხოლო მიზნობრიობა დადასტურებულია 2023 წლის აუდიტორული დასკვნებით ან დასკვნები საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

“შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სუბსიდიის ხარჯებისა“ და „მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების“ მუხლებში ასახული თანხების სისწორეზე“ - წერია ანგარიშში.

ეკა დარჩიაშვილი