ოთარ დანელია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ დირექტორ ჟან მარი ორანს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მეღვინეობის დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე იმსჯელეს. "აუცილებლად უნდა აღინიშნოს მეღვინეობის დარგში ხელშესახები წინსვლის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ ღვინის პოპულარიზაციის, ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესების საკითხები. მოგეხსენებათ, 5 ივნისს ვხსნით ღვინის საერთაშორისო გამოფენას, სადაც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ჟან მარი ორანი საპატიო სტუმარი იქნება. გამოფენის ფარგლებში, OIV-ის ოფიციალური პატრონაჟით, ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსიც "International Wine Competition" ჩატარდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო OIV-ის აქტიური წევრია. OIV-ის ოფისში წელს უკვე მეორედ ჩატარდა ქართული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც 15-ზე მეტი ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი და ქართულ ღვინოებს დიდი წარმატება ჰქონდათ.

"საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა. 500-ზე მეტი ავტოქთონური ჯიშით, რაც მდიდარ გენეტიკურ რესურსს წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანი სიმდიდრეა ღვინის დაყენების თქვენი, ადგილობრივი მეთოდები. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, ღვინის სააგენტოს, რომელიც აქტიურად არის ჩართული დარგის განვითარებაში და, შედეგად, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო მატულობს. საქართველოში ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსში International Wine Competition მივიღებ მონაწილეობას. აღნიშნული კონკურსი OIV-ის სტანდარტითა და პატრონაჟით ტარდება და შედის იმ საერთაშორისო კონკურსების სიაში, რომელიც მსოფლიოში OIV-ის პატრონაჟით ტარდება", - განაცხადა ჟან მარი ორანმა.