სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა 103,2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ

სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-სომხეთს შორის 100,623 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, რაც 103,2 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 2 თვეში ბრუნვამ 203,871 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 133,082 მლნ აშშ დოლარიდან 78,795 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა; ხოლო, ადგილობრივი ექსპორტი 26,194 მლნ აშშ დოლარიდან 19,418 მლნ აშშ დოლარამდე.

რაც შეეხება იმპორტს, წელს 2 თვეში საქართველომ სომხეთისგან 21,828 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც თითქმის 50 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. 2023 წლის იანვარ თებერვალში სომხეთიდან იმპორტმა 70,789 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ სომხეთში.

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 7,795 მლნ აშშ დოლარი
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 2,178 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 1,972 მლნ აშშ დოლარი
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 1,905 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 1,158 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 15,695 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 4,392 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3,081 მლნ აშშ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 2,365 მლნ აშშ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 2,199 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული ქართული პროდუქტი:

  • ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - 1,461 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1,238 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 794.3 ათასი აშშ დოლარი
  • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 788.6 ათასი აშშ დოლარი
  • პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 738.5 ათასი აშშ დოლარი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.

ამასთან, საქართველოს დელეგაციაში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ნინი ქეთელაური