რა გავლენას მოახდენს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კრიპტო სამყაროზე

ამერიკული საინვესტიციო კომპანია VanEck-ის კრიპტოვალუტის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედიასთან თამამად აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვება კრიპტო ვალუტისთვის ძალიან დიდი სარგებლის მომტანი იქნება.

თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, მეთიუ სიგელის თქმით, ხელს უშლის კრიპტო ბაზრის განვითარებას. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ სხვადასხვა ოფიციალური პირები, სენატის წევრები და მთავრობასთან დაახლოებული ჩინოვნიკები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან იმ ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც Web3 ბაზრის ნაწილად ქცევას ცდილობენ და არ სურთ, რომ ბროკერებმა, თუ ბანკებმა კრიპტოვალუტებთან დაიწყონ მუშაობა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ექსპერტთა თქმით, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ვირტუალური აქტივების ინდუსტრიაზე. VanEck-ის ციფრული აქტივების კვლევის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის, იგივე SEC-ის მხრიდან ბიტკოინის ETF-ზე გაშვების პროცესის გაჭინაურება იმის პირდაპირი დასტურია, რომ აშშ-ის ხელისუფლება და ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტო ბაზრისთვის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს.

საინვესტიციო კომპანია Paradigm-ის გამოკითხვის შედეგად ვგებულობთ, რომ კრიპტო ენთუზიასტების, ჰოლდერების და ექსპერტების ფავორიტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ დონალდ ტრამპია.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა დაემთხვა ბიტკოინისა და ზოგადად, კრიპტოვალუტის ისტორიაში ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა ფასის სტაბილური, მდგრადი და საგრძნობი ზრდა. ტრამპმა წამოიწყო ის საქმე და დაიწყო იმ ეკონომიკური საქმის კეთება, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაგრძელდა და მართლაც, 2021 წლის 10 ნოემბერს, ბიტკოინის ფასმა 69 000 დოლარს გადააჭარბა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როდესაც პრეზიდენტი კვლავ დონალდ ტრამპი იყო, მთავარ ოპონენტებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის დებატები გაიმართა, სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ბაიდენი მოიგებდა, მსოფლიოს სავაჭრო ბირჟები, ფინანსური ინსტიტუტები და კრიპტო ბაზარი ჩამოიშლებოდა. გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი პრეზიდენტის მაშინდელი პროგნოზი გამართლდა.

მართალია, ბიტკოინი ETF-ზე SEC-მა დაამტკიცა, მაგრამ ეს პროცესი იმდენად გაჭიანურებული და დროში გაწერილი იყო, რომ აშკარად იკვეთება ამჟამინდელი აშშ-ის პრეზიდენტის მტრული დამოკიდებულება კრიპტოს მიმართ.

ბაჩანა ტყემალაძე