„ფულის დაბრუნება პრობლემურია“ - როგორ ამოვიცნოთ ინტერნეტში თაღლითური შეთავაზებები

სოციალურ ქსელში თაღლითური შეთავაზებები სულ უფრო ხშირი ხდება. აღნიშნულს ხელს უწყობს გაციფრულების დაჩქარებული პროცესიც. მაგალითად, 2008 წლისთვის თუ საქართველოს 6-7% იყო გაციფრულებული, პანდემიის შემდეგ მაჩვენებელი 90%-ზე მეტია.

როგორც რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე აცხადებს, რაც უფრო მეტად გაციფრულდება საქართველო, თაღლითებიც მეტად ადაპტირდებიან ტექნოლოგიებთან.

„რაც უფრო გაციფრულდება საქართველოში ცხოვრება, ცხადია, თაღლითებიც უფრო მეტად ადაპტირდებიან ტექნოლოგიების მიმართ. ჯიბიდან თანხის მოპარვა რთულია, ქეში აღარ ტრიალებს იმდენად”, - განაცხადა გოცირიძემ.

მოქალაქემ, რომელიც ინტერნეტ თაღლითობის მსხვერპლი გახდა, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართოს, თუმცა, თაღლითურად მოპოვებული თანხის უკან დაბრუნება სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„დანაშაულის გახსნის მიხედვით, ნორმალური მაჩვენებელი გვაქვს. დანაშაული გახსნადია, მაგრამ ფულის დაბრუნებაა პრობლემური. დამნაშავეები არ გვპარავენ კომპიუტერიდან მხოლოდ თანხას, შესაძლოა, მოგვპარონ პერსონალური მონაცემები, რომლითაც დადებენ თაღლითურ გარიგებას. ან თქვენი პროფაილი მოგპარონ და თქვენი სახელით გაყიდონ მაგალითად, ბილეთები“, - ამბობს ანდრო გოცირიძე.

კითხვაზე, როგორ უნდა ამოვიცნოთ სოციალურ ქსელებში თაღლითური შეთავაზებები, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ყველაზე ხშირად გამოყენებულ ინტერნეტ თაღლითობის მეთოდებს ასახელებს:

„პირველი, გვაწვდიან ინფორმაციას ძალიან კარგი ან ძალიან სახიფათო რაღაცის შესახებ - მოიგეთ, მემკვიდრეობა დაგრჩათ, ძალიან დიდი ფასდაკლებაა ან დაჯარიმდით, თქვენი მეილი გატეხილია და ა.შ

მეორე, გთავაზობენ ამას მნიშვნელოვანი კომპანიის სახელით, მაგრამ მართლწერაში არის შეცდომა, მაგალითად COCA-COLA-ს ნაცვლად შეიძლება O ნულიანით ეწეროს, TBC-ის ნაცვლად TBS.

მესამე, შეტყობინება მოიცავს აუცილებლად სწრაფი მოქმედებისკენ იძულებას. იმიტომ რომ დიდხანს თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ თაღლითების ანკესია, ამიტომ გეუბნებიან, შეასრულე მოქმედება ერთ წუთში, ორ წუთში, ახლავე, ვინც პირველი გამომიგზავნის.. და ა.შ.

მეოთხე, ასეთი ტიპის შეტყობინება გთავაზობთ უსაფრთხოების პოლიტიკის დარღვევას - ისეთი მოქმედების განხორციელებას, რომელსაც სხვა დროს არ ჩაიდენდი, ასეთია მაგალითად, პაროლის გაზიარება, ბარათის მნიშვნელოვანი მონაცემების გაზიარება. თუ ამ მოქმედებათა ერთობლიობაა, დიდი ალბათობით, ეს არის თაღლითობა.

როგორც კი ეჭვი გაგვიჩნდება, რომ ის არის თაღლითური, არ გავაკეთოთ ზედმეტი მოქმედება. თუ რაიმე მოვიგეთ, ბილეთი ან მემკვიდრეობა მივიღეთ, ის ტელეფონზე აუცილებლად დაგვიკავშირდება“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

მერი ტაბატაძე