გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაცვის მხარემ სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი წარადგინა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაცვის მხარემ სასამართლოში სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი წარადგინა.

აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად როგორც დაცვის მხარეს, ასევე ბრალდების მხარეს ექსპერტიზა აქვს დანიშნული.

ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, აუდიოჩანაწერში საუბარი კრედიტის დამტკიცების პირობებზეა.

"მესმის, რომ შინაარსი გაინტერესებთ, მაგრამ პროცესებს უნდა დაველოდოთ. არსებითი განხილვის დროს, როცა მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავალთ, სრულად იქნება გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, შესაბამისად, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დანიშნა დაცვის მხარემ საზღვარგარეთ ექსპერტიზა, საქართველოში არსებულმა ყველაზე დიდმა საექსპერტო ბიურომ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით მათ გააჩნდათ პრობლემები, რის გამოც იძულებული გავხდით, ექსპერტიზა ევროპაში დაგვენიშნა.

ჩანაწერი, რომელიც საქმეში არსებობს, მტკიცებულებას წარმოადგენს. ჩანაწერი გაკეთებულია კრედიტის გაცემამდე და მასში საუბარია კრედიტის დამტკიცების პირობებზე.

ის დაზარალებულადაა საქმეში ცნობილი, შესაბამისად, ის ძირითადი მოწმეა, დაზარალებული პროცესზე იკითხება მოწმის სახით, თუკი ეს განხილვები გაგრძელდება, ის ჩვენებას მისცემს", - განაცხადა მახარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.