ახალი ღამის მატარებელი ევროპის ოთხ დედაქალაქს ერთმანეთს დააკავშირებს

ბრიუსელსა და პრაღას შორის კომპანია European Sleeper-ის ახალი, 15-საათიანი ღამის მატარებელი ამოქმედდა. ინფორაციას The Sun ავრცელებს.

პირველი რეისით მატარებელი ბელგიის დედაქალაქიდან 25 მარტს, 19:22 საათზე გავიდა და მეორე დილით, 10:56 საათზე პრაღაში ჩავიდა.

ღამის მატარებელი დამატებით რვა სადგურზე, მათ შორის, ანტვერპენში, როტერდამში, ამსტერდამში, ბერლინსა და დრეზდენში ჩერდება. ამდენად ის ევროპის ოთხი ქვეყნის, კერძოდ, ბელგიის, ნიდერლანდების, გერმანიისა და ჩეხეთის დედაქალაქებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მატარებელი ბრიუსელიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, პრაღიდან კი კვირას, სამშაბათსა და ხუთშაბათს გავა.

გამოცემის ცნობით, ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე 129 ევროდან იწყება, ხოლო სამკაციან კუპეში საწოლის ფასი 219 ევროა.

ამასთან, წელს European Sleeper პარიზი-ბერლინის, პარიზი-მადრიდის, პარიზი-ბარსელონას, ბრიუსელი-ბერლინისა და ლიეჟი-მაასტრიხტის ღამის რეისების გაშვებას გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ