მილეი არგენტინაში 70 ათას საჯარო მოხელეს ათავისუფლებს

არგენტინაში უახლოეს მომავალში 70 ათასი საჯარო მოხელის გათავისუფლება იგეგმება. ამის შესახებ პრეზიდენტ ხავიერ მილეიმ განაცხადა, რასაც გამოცემა, Ambito ავრცელებს.

„50 ათასი სახელმწიფო თანამშრომელი უკვე გავათავისუფლეთ, კონტრაქტები გაუქმდა. ზოგადად, მათი რაოდენობა მცირდება და სულ 70 ათასი კონტრაქტი გაუქმდება,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

ამასთან, მილეის თქმით, ქვეყანაში 200 ათასამდე სოციალური პროგრამა გაუქმდა, რომლებიც „არარეგულარულად სრულდებოდა.“ პარალელურად, გაიზარდა სოციალური დახმარების სხვა ასპექტები, როგორიც, მაგალითად, არის პროგრამა ორსულებისთვის.

თუმცა, გაზეთი Pagina 12-ის ცნობით, პრეზიდენტის განცხადებისთანავე ჩინოვნიკებმა მისი სიტყვების უარყოფა დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ 15-დან 20%-მდე მოხელეს შეეხება.

„მისმინე, პრეზიდენტო! როგორც არ უნდა გინდოდეს, 70 ათას სახელმწიფო თანამშრომელს ვერ გაათავისუფლებ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მომრავლდა და კონფლიქტი უფრო გამწვავდება. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და პროტესტი გავზარდოთ, რომ საჯარო მოხელეების ნებისმიერი უკანონო და დაუსაბუთებელი გათავისუფლება თავიდან ავიცილოთ,“ - აცხადებს საჯარო მოხელეთა ასოციაციის (ATE) გენერალური მდივანი, როდოლფო აგიარი.

ამასთან, ხავიერ მილეიმ საბიუჯეტო ხელფასებიც დააკორექტირა, რასაც არგენტინის სხვადასხვა სამთავრობო ორგანოში პროტესტი მოჰყვა.

მანამდე, 9 მარტს მილეიმ განაცხადა, რომ მთავრობის ყველა წევრისთვის, მათ შორის, პრეზიდენტისთვის ხელფასების ავტომატურ ზრდას გააუქმებს. პრეზიდენტის თქმით, ის რეგულარულად აწყდება კანონებს, რომლებსაც ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე სარგებელი მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის მოაქვთ. მილეი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი მმართველობის პერიოდში ფინანსურად უბრალო ადამიანები კი არა, მხოლოდ სახელისუფლო აპარატის ჩინოვნიკები წააგებენ.

ცნობისთვის: ხავიერ მილეიმ არგენტინის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად 2023 წლის 10 დეკემბერს, ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ დაიკავა. მან ფიცი ბუენოს-აირესში, კონგრესის შენობაში დადო, რის შემდეგაც პოსტიდან მიმავალმა წინა პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა მილეის საპრეზიდენტო ლენტი და კვერთხი გადასცა. მისი საარჩევნო დაპირებების სია, ქვეყნის ცენტრალური ბანკის დახურვის გარდა, ეკონომიკის დოლარიზაციას, სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციასა და ბრაზილია-რუსეთ-ინდოეთ-ჩინეთ-სამხრეთ აფრიკის გაერთიანება BRICS-ზე უარის თქმას მოიცავდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ