რა დაჯდება აშშ-ში გემის შეჯახების შედეგად ჩამონგრეული ხიდის აღდგენა - ზარალი 4 მილიარდ დოლარს აღწევს

ბალტიმორში გემის ხიდთან შეჯახების და მისი ჩამოშლის გამო, შესაძლოა, სადაზღვეოებს ზარალის ანაზღაურება მილიარდობით დოლარი დაუჯდეს. ანალიტიკოსთა თქმით, ეს თანხა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი იქნება.

ამ ეტაპისთვის, სამაშველო ჯგუფი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულ 6 ადამიანს ეძებს. სამძებრო სამუშაოების პარალელურად, სადაზღვეოს წარმომადგენლები და ანალიტიკოსები ცდილობენ ზარალის შეფასებას როგორც ხიდის ჩამონგრევის, ისე გემისა და გემზე არსებული ტვირთის პროდუქტის მიმართულებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გემის ამგვარი შეფერხებით და მომხდარი ტრაგედიით, არაერთ ბიზნესს შეექმნა პრობლემა და მათი დიდი ნაწილი შეფერხდა.

„ბალტიმორის პორტის ბლოკირება ბიზნესის შეფერხებას იწვევს, ზარალი კი სადაზღვეოებისთვის შესაძლოა, 2 მილიარდი დოლარიდან, 4 მილიარდ დოლარამდე იყოს“, - განაცხადა მარკოს ალვერესმა, Morningstar DBRS-ის გლობალური სადაზღვეო რეიტინგების მმართველმა დირექტორმა.

Reuters-ის ინფორმაციით, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხები გადააჭარბებს 2012 წლის კატასტროფას, როდესაც Costa Concordia, მდიდრული საკრუიზო ლაინერი ჩაიძირა.

შეგახსენებთ, რომ გემი, რომელიც ხიდს შეეჯახა, დაზღვეულია P&I Clubs-ის საერთაშორისო დაზღვევით. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვეო კომპანიაა, რომელსაც სტანდარტულად 10 მილიონ დოლარზე მეტი ზარალის ანაზღაურება შეუძლია.

საბედნიეროდ, ზარალის ანაზღაურება მხოლოდ ერთ სადაზღვეო კომპანიას არ მოუწევს. Moody’s Rating-ის ერთ-ერთი ანალიტიკოსი, ბრენდან ჰოლმსი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა 80 სხვადასხვა კომპანიაზე გადანაწილდება და ჯამურად რომ ავიღოთ, ეს მათ დიდი ეკონომიკური წნეხის ქვეშ არ ამყოფებთ.

ხიდის აღდგენის ღირებულება, საწყისი შეფასებების თანახმად, 600 მილიონი დოლარია, რომელსაც დიდი ალბათობით, არა თუ სადაზღვეო კომაპნიები, არამედ აშშ-ის ფედერალური მთავრობა გადაიხდის.

ბაჩანა ტყემალაძე