წლის დასაწყისიდან ლომთაძე 1.41 მლრდ დოლარით გამდიდრდა, ივანიშვილი - 0.52 მლრდ დოლარით - Bloomberg

Bloomberg-ის მილიარდერთა ჩამონათვალში მყოფი 2 ქართველი ბიზნესმენის ქონება წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წლის იანვრიდან მიხეილ ლომთაძე 1.41 მლრდ დოლარით გამდიდრდა, ბიძინა ივანიშვილის ქონება კი 0.52 მლრდ დოლარით გაიზარდა.

ამ დროისთვის ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელის მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს 6.46 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული, მიმდინარე წლის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 5.05 მლრდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“. მაგრამ დღეს ის ისევ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს და Bloomberg-ის რეიტინგში 426-ე ადგილზეა.

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 385-ე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც ამ დროისთვის 7.02 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წლის დასაწყისში მისი ქონება 6.5 მლრდ დოლარს შეადგენდა.