ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის - BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება - გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.

კვლევის თანახმად, მიმდინარე კვარტალში სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა გამწვავდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები.

ასევე, სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში შემსუბუქდა.

კვლევის მიხდედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა, როგორც ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი 37 და 24 პროცენტული პუნქტებით გამწვავდა ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში, ხოლო მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში შემსუბუქდა.

ცნობისთვის, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის პირველ კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 58% საუბრობს, რაც 6 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მონაცემებს.

ბაჩანა ტყემალაძე