დრონების ეფექტი - სამ კვირაში რუსეთის ეკონომიკამ ბენზინის მთლიანი წარმოების 10,1% დაკარგა

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად, რამაც “როსნეფტისა” და “ლუკოილის” მსხვილი საწარმოების მუშაობის პარალიზება გამოიწვია, ქვეყანაში საავტომობილო ბენზინის წარმოება 7,4%-ით დაეცა.

ინფორმაციას Moscow Times “როსსტატის” მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, “როსტატის” ანგარიშში წერია, რომ 24 მარტს დასრულებული კვირის განმავლობაში ქვეყანაში საავტომობილო ბენზინის წარმოება 7,4%-ით დაეცა და 754,6 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა ერთი კვირით ადრე რუსეთში 815,3 ათასი ტონა, ხოლო 4 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით 838,9 ათასი ტონა ბენზინი იწარმოებოდა.

ამდენად, სამ კვირაში რუსეთის ეკონომიკამ ბენზინის მთლიანი წარმოების 10,1% დაკარგა, ხოლო იგივე პერიოდში დიზელის საწვავის წარმოება 3,9%-ით, 1,648 მლნ ტონამდე შემცირდა.

ამასთან, საწვავის დეფიციტის საფრთხის გამო რუსეთმა ბენზინის იმპორტზე ბელარუსთან დაიწყო მოლაპარაკებები. ამჟამად რუსეთის ქარხნებში ნავთობის პირველადი გადამუშავების მთლიანი სიმძლავრიდან 14% უმოქმედოა. აქედან, თითქმის, 10% იმ ქარხნების წილია, რომლებიც ბენზინსა და დიზელის საწვავს შიდა ბაზრისთვის აწარმოებენ.

ცნობისთვის: გასულ კვირას სააგენტო Bloomberg-მა საერთაშორისო ენერგეტიკულ ჯგუფ Gunvor Group-ის მონაცემები გაავრცელა, რომელიც უკრაინის ომამდე რუსული ნავთობის მთავარი ტრეიდერი იყო. ჯგუფის მონაცმებით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული კამიკაძე დრონების დარტყმის შედეგად რუსეთმა დღიური გადამუშავების, დაახლოებით, 600 ათას ბარელის სიმძლავრე დაკარგა.

ასევე, JPMorgan Chase-ის შეფასებით, უკრაინული კამიკაძე დრონების თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადამუშავების სიმძლავრე დღეში, დაახლოებით, 900 ათასი ბარელით შეამცირა. ანალიტიკოსების თქმით, ამ სიმძლავრის აღდგენას შესაძლოა, „თვეები თუ არა, რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდეს,“ ხოლო ქარხნების აფეთქებები ნავთობის გლობალურ ფასებს ბარელზე, დაახლოებით, 4 დოლარით გააძვირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ