მითვისებული 8 მილიარდი დოლარი და 25-წლიანი თავისუფლების აღკვეთა - კრიპტო-თაღლითს განაჩენი გამოუტანეს

მითვისებული 8 მილიარდი დოლარი და 25-წლიანი თავისუფლების აღკვეთა - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ყოფილი უმსხვილესი ბირჟის, FT-ის დამფუძნებელი სემ ბენკმან-ფრიდის წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობა გაითამაშა. ამის გარდა, ბენკმან-ფრიდს ჩამოერთმევა არსებული 11 მილიარდი დოლარი.

აშშ-ის ოლქის მოსამართლე, ლუის კაპლანის თქმით, სემ ბენკმან ფრიდის, იგივე SBF-ის ქმედებების შედეგად, აღნიშნული კრიპტო ბირჟის მომხმარებლებმა 8 მილიარდი დოლარი დაკარგეს. კრედიტორების დანაკარგი 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ინვესტორების 1.7 მილიარდ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა 2022 წელს მოხდა და ამან კრიპტო ბაზრის კოლაფსი გამოიწვია. ეს ის პერიოდია, როდესაც ზოგიერთ ინვესტორს ეგონა, რომ ბიტკოინი განულდებოდა.

თავად პროკურატურის განცხადებით, ბანკმენ-ფრიდმა მოახერხა მილიარდობით დოლარის მითვისება, რათა ინდუსტრიაში გავლენა და დომინაცია დაემყარებინა. ამისათვის უკანონოდ გამოიყენა მისი შექმნილი ბირჟის, FTX-ის მეანაბრეების ფული, რათა თავისი ხარჯები სრულად გადაეფარა.

რაში ხარჯავდა კრიპტო მილიარდერი მოპარულ თანხას? კარიბის ზღვის აუზში ძვირადღირებული ქონების შეძენაში, კერძო თვითმფრინავების შესყიდვასა და ჩინელი ოფიციალური პირების მოქრთამვაში.

ბაჩანა ტყემალაძე