ფინეთის ხელისუფლება პუტინის ოლიგარქებს ჰელსინკის მთავარ არენას ჩამოართმევს

ჰელსინკის საქალაქო საბჭომ პუტინის მეგობარი ოლიგარქების, გენადი ტიმჩენკოსა და რომან როტენბერგის კუთვნილი სპორტულ-საკონცერტო კომპლექს Helsinki Hall-ის ექსპროპრიაცია გადაწყვიტა. ინფორმაციას ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებელი, Yle ავრცელებს.

ვიცე-მერი, პაავო არჰინმიაკი აცხადებს, რომ თუ რუსი მფლობელები არენის გაყიდვას ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან, ქალაქის ხელისუფლება არაუგვიანეს ივნისის დასაწყისისა, ექსპროპრიაციის პროცესს დაიწყებს და Helsinki Hall-ი სახელმწიფო საკუთრებაში გადავა. ამჟამად ჰელსინკის ხელისუფლება ადგენს, არის თუ არა შესაძლებელი ექსპროპრიაცია მოქმედი კანონმდებლობით, თუ მისი შეცვლა გახდება საჭირო.

ამასთან, ხელისუფლება არენის სამუდამოდ ფლობას არ გეგმავს, არამედ მის ექსპლუატაციაში დაბრუნებასა და შემდეგ ახალ მფლობელებზე გაყიდვას აპირებს.

სპორტული არენა, Helsinki Hall (ყოფილი Hartwall Arena) უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცარიელია. არენის მფლობელები, არკადი და ბორის როტენბერგები, ასევე, გენადი ტიმჩენკო ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. ასევე, აშშ-ის სანქციებს ექვემდებარებიან ბორის როტენბერგის ვაჟი, რომანი და ბიზნესმენი, კაი პაანანენი, რომლებიც არენის მართვის ფონდის დირექტორთა საბჭოში გადაწყვეტილებებს იღებენ.

რამდენიმე კერძო პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსი მფლობელებისგან არენის შეძენას წარუმატებლად ცდილობდა. საბოლოოდ, მისი ბედი ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია არენის ექსპლუატაციაში დასაბრუნებლად. ვიდრე ის გამოუყენებული იყო, ივენთების ინდუსტრიამ კონცერტების დიდი რაოდენობა დაკარგა,” - აცხადებს ვიცე-მერი.

ფორმალურად, თავად არენა კი არა, სანქცირებული მფლობელების აქციები არის გაყინული. სტადიონის თუნდაც კონცერტებისთვის გამოყენებას სანქციები ხელს უშლის, რადგან მისი გაქირავების შემთხვევაში, თანხა სანქცირებული პირების ანგარიშებზე უნდა გადაირიცხოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ