მთავრობამ ქარის ელექტროსადგურ „იმერეთი 1“-ის კონცეფცია მოიწონა - რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს

საჩხერეში ქარის ელექტროსადგური „იმერეთი 1“ აშენდება - ამის შესახებ შესაბამისი კონცეფცია მთავრობამ 27 მარტის განკარგულებით მოიწონა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, „იმერეთი 1“-ს შპს „უსასრულო ენერგია“ ააშენებს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ „უსასრულო ენერგიის“ მიერ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც მოიწონა.

„მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პოტენციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „იმერეთი 1“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფცია“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

განკარგულების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა სამშენებლო ფაზის განხორციელების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.

მერი ტაბატაძე