Rolls-Royce-ის უდავო მიმზიდველობა - როგორია საკულტო ბრენდის შექმნის ისტორია

როდესაც ჩარლზ სტიუარტ როლსს ჰენრი როისი გააცნეს, მათ მაშინ ვერც კი წარმოედგინათ, რომ ეს შემთხვევითი შეხვედრა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდის შექმნის საფუძველი იქნებოდა.

დღეს Rolls-Royce მანქანა არის სტილის, ელეგანტურობისა და სიმდიდრის სიმბოლო. გასაკვირი არ არის, რომ როისი რჩება მრავალი მსახიობის, მომღერლისა და მდიდრების ერთ-ერთ არჩევნად.

1-1711725684.jpg

ფოტოზე აღბეჭდილია ბრიტანელი საავტომობილო და საავიაციო პიონერი ჩარლზ სტიუარტ როლსი (1877–1910), რომელმაც მეწყვილესთან ერთად მსოფლიოში ცნობილი ძვირად ღირებული მანქანა შექმნა.

23-1711725829.jpg

ბრიტანელმა ინჟინერმა ჰენრი როისმა (1863–1933) ჩარლზთან ერთად Rolls-Royce 1904 წელს დააარსა. ბრენდი მას შემდეგ რჩება საავტომობილო ელეგანტურობის კვინტესენციად.

ჰენრი როისი

ჰენრი როისი 1863 წლის 27 მარტს, ლინკოლნშირის საგრაფოს ქალაქ ალვატორში დაიბადა. მამამისი მეწისქვილე იყო, თუმცა მალე გაკოტრდა. სიღარიბემ ბიჭუნა აიძულა, 10 წლის ასაკში მუშაობა დაეწყო. მიუხედავად ამისა, ჰენრის სწავლის სურვილი არ განელებია. ბიჭს ესმოდა, რომ მისი მომავალი მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ განათლებას მიიღებდა. სწორედ ამიტომ თავისუფალ დროს უცხო ენებს, მათემატიკას, ელექტროტექნიკის საფუძვლებს სწავლობდა.

პირველი ოფიციალური სამსახური როისმა “ჰაირემ მაქსიმის“ კომპანიაში იპოვა. ფირმა ტყვიამფრქვევებს უშვებდა. როისს სამუშაო ძალიან მოსწონდა, თუმცა მისი ოცნება საკუთარი კომპანიის შექმნა იყო.

ცოტაოდენი ფულის დაგროვების შემდეგ ჰენრიმ მეგობართან ერთად დააფუძნა F.H. Royce & Co. გადამწყვეტი მომენტი 1903 წელს დადგა, როცა როისმა თავისი პირველი ავტომობილი, ფრანგული Decauville შეიძინა. მანქანა საშინლად გაუმართავი იყო, ამიტომ როისმა გადაწყვიტა, თვითონვე შეექმნა ისეთი ავტომობილი, რომელიც მის გემოვნებას დააკმაყოფილებდა.

ერთი წლის შემდეგ როისმა მისი შექმნილი პირველი ავტომობილი წარადგინა, რომელსაც შესანიშნავი სავალი მახასიათებლები ჰქონდა და რაც მთავარია, სავსებით ხელმისაწვდომიც გახლდათ - 295 გირვანქა სტერლინგი ღირდა. მართალია, იმხანად ეს დიდი ფული იყო, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც მომავალში "როლს-როისი" ეღირებოდა.

ჩარლზ როლსი

ჩარლზ როლსი მდიდარ დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა. შესაბამისად, მას ბრწყინვალე განათლებაც ჰქონდა მიღებული: დაამთავრა იტონის პრესტიჟული კოლეჯი, მოგვიანებით კი კემბრიჯის უნივერსიტეტი. ჯერ კიდევ კემბრიჯში სწავლისას მამამ ჩარლზს პირველი ავტომობილი Peugeot Phaeton-ი უყიდა. ბიჭმა მალე აითვისა მანქანა, ის რბოლებში მონაწილეობდა და მსოფლიოს ერთ-ერთი რეკორდიც კი დაამყარა სიჩქარეში.

ჩარლზმა სწავლის დასრულების შემდეგ დააფუძნა ავტომობილებით მოვაჭრე კომპანია.

როლსმა და როისმა ერთმანეთი 1904 წელს გაიცნეს და საერთო ენა სწრაფად გამონახეს. ერთობლივი მუშაობით შექმნილი პირველი ავტომობილებიც მალე გამოჩნდა. წლის ბოლოს კი კომპანია Rolls-Royce შეიქმნა.

როისი მართლაც დიდებულ ავტომობილებს ქმნიდა, როლსს კი მათი გაყიდვა გამოსდიოდა კარგად. "როლს-როისები" მალე ევროპის მასშტაბით იყიდებოდა, 1906 წელს კი კომპანიამ თავისი პროდუქცია ნიუ-იორკში წარმოადგინა.

აშშ-ში გასვლა კომპანიისთვის სხვა მხრივაც წარმატებული აღმოჩნდა. ჩარლზ როლსს ახალი გატაცება გაუჩნდა - ამერიკაში მან ძმები რაიტები გაიცნო და მაშინვე შეიპყრო გაფრენის ჟინმა. როლსის გული ამჯერად ავიაციამ დაიპყრო. ნიჭიერმა ჩარლზმა ეს სფეროც სწრაფად აითვისა და ლა-მანშის სრუტეზე გადაფრენით სახელი გაითქვა. გატაცება ბიზნესში სწრაფად გადაიზარდა. კომპანიამ ავიაძრავების წარმოება დაიწყო და ეს დღემდე წარმატებით გრძელდება. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობამ დააძლევინა ფირმას მძიმე დროება, როცა პირველი მსოფლიო ომის დროს ძვირფას ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. თუმცა ავიაციამ კომპანიას აუნაზღაურებელი დანაკლისიც განაცდევინა. 1910 წელს, აეროპლანის კატასტროფისას, 33 წლის ასაკში, ჩარლზ როლსი დაიღუპა. ის პირველი ბრიტანელი იყო, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

"როლს-როისი" მთლიანად ჰენრი როისის საკუთრებაში გადავიდა.

ბრენდს მას შემდეგ უამრავი წარმატება ხვდა წილად და დღეს განსაკუთრებული ფუფუნების საგნად ითვლება. Rolls-Royce Holdings-ის წმინდა ღირებულება 2024 წლის 26 მარტის მდგომარეობით არის 45,28 მილიარდი დოლარი.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი