ილონ მასკის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, Twitter-ის გამოყენება 25%-ით შემცირდა

მას შემდეგ, რაც 2022 წლის ოქტომბერში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა ერთ-ერთი უმსხვილესი სოციალური პლატფორმა Twitter შეიძინა, მომხმარებელთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა.

ამის მიზეზად ექსპერტები ბოტების ზრდას, სიძულვილის ენის მატებასა და შინაარსის მოდერაციის პოლიტიკას ასახელებენ. ყველაფერს ემატება ისიც, რომ ილონ მასკმა სრულიად შეცვალა კომპანიის ბრენდინგი და Twitter-ი დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, X-ად გადაიქცა.

ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის ინფორმაციით, X-ის ყოველდღიური აქტიური მობილური აპლიკაციების მომხმარებელთა რაოდენობა2022 წლის ნოემბრის შემდეგ თითქმის 25%-ით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული თვის მონაცემებით, X-ს მხოლოდ აშშ-ში 27 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა,

შესაბამისად, Twitter-მა ბოლო წელიწად ნახევრის მონაცემებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი დაკარგა. X-ის გამოყენების ყველაზე მკვეთრი შემცირება, როგორც ჩანს, გასულ ზაფხულს დაფიქსირდა. ორ თვეში მასკმა პლატფორმაზე ორი ყველაზე დიდი ცვლილება დაანონსა: მან 2023 წლის ივლისში Twitter-ის იმდროინდელ მომხმარებლებს შეზღუდვა დაუწესა — რამდენი ტვიტის ნახვა შეეძლოთ დღეში. შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში, მასკმა პლატფორმის გარდაქმნა დაიწყო. შეცვალა ფრინველის საკულტო ლოგო და ასევე პლატფორმის სახელი «X“-ით შეცვალა. მკვლევრებმა მაშინვე შენიშნეს, რომ X-ის App Store-ზე ჩამოტვირთვებმა მომენტალურად იკლო.

გასათვალისწინებელია, Sensor Tower-ის შეფასებები მხოლოდ მობილური მომხმარებლის მონაცემებს ეფუძნება.

ბაჩანა ტყემალაძე