„უცხოელებს საქართველოში იმდენივე აქვთ ხელფასი, რამდენიც ქართველებს, კვალიფიკაციის მიხედვით“ - დამსაქმებელთა ასოციაცია

საქართველოში კადრების დეფიციტის აღმოფხვრას ბიზნესი უცხოელების დასაქმებით ცდილობს. დასაქმებული უცხოელები კი იგივე ანაზრაურებაზე მუშაობენ, რაზეც იმავე პროფესიის საქართველოს მოქლაქეები - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა მელაძემ განუცხადა.

როგორც ცნობილია, საქართველოში არსებობს და არსებობდა ტენდენცია, რომ თითქოს უცხოეთიდან სამუშაოდ შემოსულ პირებს იმაზე დაბალი ხელფასი აქვთ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს, რის გამოც ხშირად დამსაქმებლები უცხოელების აყვანას ამჯობინებდნენ.

თუმცა როგორც ელგუჯა მელაძე ამბობს, უცხოელები საქართველოში იმ ხელფასზე მოდიან, რაც საქართველოშია და სწორედ ამ ნორმებზე არიან თანახმა.

„საქართველოში თურქები, აზერბაიჯანლები და უკვე უკრაინელებიც იმ თანხებზე სამუშაოდ მოდიან, რაც ჩვენთან ნორმადაა მიჩნეული, კვალიფიკაციის შესაბამისად. ისინი ახერხებენ დასაქმებას ისეთ სფეროებში, სადაც ყველაზე მეტად გვაკლია პროფესიონალი კადრები. ესენია სოფლის მეურნეობის და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორები, რასაც აუცილებლად სჭირდება პროფესიული განათლება. ასევე ინჟინრები, თუნდაც მანქანის შემკეთებლები და ა.შ.“, - ამბობს ელგუჯა მელაძე.

ამის გარდა, ელგუჯა მელაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს შესანიშნავი პროფესიული განათლება და შეავსოს ის ადგილები, რომლებსაც დამსაქმებელი უცხოელი მუშა-ხელის ხარჯზე ავსებს.

„საქართველოში არსებობს ყველა საშუალება, რომ ადამიანი კარგი სპეციალისტი გახდეს, თუნდაც მანქანის შემკეთებელი. კარგ ხელოსანთან ყოველთვის რიგებია, უნდა ჩაეწერო. სადაც პროფესიონალიზმია, იქ რეკლამაც კი აღარაა საჭირო. შეიძლება ადამიანი კარგი მზარეულიც იყოს, ამ მიმართულებითაც მრავალი უცხოელი საქმდება.“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ საქართველოში ადამიანები რეალურად დაიწყებენ სხვადასხვა სპეციალობაზე დაუფლებას და შეიძენენ ახალ-ახალ პროფესიებს, მათ არასდროს გაუჭირდებათ საქართველოში სამსახურის პოვნა და მეტიც, მათ აღარ მოუწევთ ემიგრაციაში წასვლა ლუკმა-პურის საშოვნელად.

„სადაც არის კვალიფიკაცია, იქ მაღალი ხელფასია. კონკურენციაა დამსაქმებლებს შორის, თუ ვინ რამდენ სპეციალისტს აიყვანს და შესაბამისად, ვინც მეტს უხდის კანდიდატს, ისიც იმასთან წავა სამუშაოდ. ამავე მიზეზით აქვთ უცხოელებს არანაკლები ხელფასები. თუ კომპანიას მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ეყოლება, ის მეტსაც გაყიდის, თავისი პროდუქციის ფასსაც გაზრდის და ეს ხელფასის ზრდაზეც აისახება. ამ გზით აუცილებლად შემცირდება ემიგრაციაში წამსვლელების რიცხვიც“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ბაჩანა ტყემალაძე