ვის ეკუთვნის ბანანის ექსპორტიორი კომპანიები

საქართველოდან ბანანის ექსპორტი (რეექსპორტი) თითქმის, 1300%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყანამ საზღვარგარეთ 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გაყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის).

ამასთან, წელს ყველაზე მეტი ბანანი აზერბაიჯანში გავიდა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 32,4% მოდის.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2023 წელს საქართველოდან 3,736 ტონა (3,605 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან ბანანის ექსპორტიორი კომპანიების ხუთეული ასე გამოიყურება: შპს GEORGIANTRANS+, შპს ეკოტეხ, შპს ვიტამინი 2017, შპს სწორი გზა, შპს ფრუიტი.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „GEORGIANTRANS+“-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ირაკლი ნემსაძეა.

შპს ეკოტეხ - კომპანიის 70%-ის მფლობელია რუსეთის მოქალაქე ილია კოვალი, ხოლო 15-15%-იანი წილების - დავით თვალთვაძე და პოტოლი გუგუშვილი. დირექტორია დავით თვალთვაძე.

შპს ვიტამინი 2017 - სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის 70-ის მფლობელია ლევან ჭიორელი, ხოლო 30%-ის - ლევან კაჭარავა, დირექტორია იოსებ ბატიაშვილი.

შპს სწორი გზა - კომპანიის მფლობელი და დირექტორი საქართველო-ლიბანის ორმაგი მოქალაქე აჰმად საქალაქია.

შპს ფრუიტი - რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია საქართველო-აზერბაიჯანის ორმაგი მოქალაქე ზვიად კუზიბაბაშვილი.

ნინი ქეთელაური