ხელოვნური ინტელექტი უკანონო თევზაობის წინააღმდეგ - ზვიგენი, კუ და ოკეანის სხვა ბინადრები გადაშენების ზღვარზე არიან

გასული წლის ბოლოს, ესპანეთის მთავრობამ 25 ესპანეთის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემი დააჯარიმა, რომლებიც არგენტინის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს ოპერირებდნენ.

ჯარიმები ძირითადად იმის გამო დაწესდა, რომ გემებმა უკანონოდ გამორთეს GPS და ავტომატური იდენტიფიკაციის, იგივე AIS სისტემები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა ამ გემების მონიტორინგი. ეს უმეტესად იმაზე მიუთითებს, რომ გემი უკანონო თევზაობითაა დაკავებული.

„შეფასებულია, რომ უკანონო, ან დაურეგულირებელი თევზაობით დაჭერილი თევზების წილი, ჯამურად დაჭერილი თევზის 20%-ს შეადგენს“, - ამბობს დევიდ კროოდსი, Global Fishing Watch-ის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანახმად, უკანონო დაურეგისტრირებელი და დაურეგულირებელი თევზაობით, ყოველწლიურად 26 მილიონ ტონა თევზს იჭერენ. ფინანსური თვალსაზრისით, ეს ე.წ. შავი ბაზარი 23 მილიარდ დოლარს აღწევს.

რა თქმა უნდა, ეს გარემოებები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს გადაჭარბებულ თევზაობას. საბოლოოდ კი ვიღებთ იმ სიტუაციას, სადაც თევზების კონკრეტული სახეობები გადაშენების პირას არიან.

„ზვიგენი, კუ, ფრინველიც კი გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან, რადგან თევზაობა უკონტროლო სახეს იღებს. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან ჩვენ ბევრად უკეთესად შეგვეძლო ოკეანეების მართვა“, - განაცხადა დევიდ კროოდსმა.

BBC-ის ინფორმაციით, გადაჭარბებული თევზაობის პრობლემის მონიტორინგისა და რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, Global Fishing Watch-ი უკვე იყენებს ახალ და დახვეწილ AI მოდელს, რომელიც პროგრამულად დახვეწილი და უზრუნველყოფილია და შეუძლია ერთდროულად ასახოს 65 000-ზე მეტი კომერციული სათევზაო გემის მოძრაობა.

AI აანალიზებს მილიონობით გეგაბაიტიან სატელიტურ სურათს გემებისა და ოფშორული ინფრასტრუქტურის გამოსავლენად. შემდეგ იგი თვალს ადევნებს საჯაროს ხელმისაწვდომ მონაცემებს გემების AIS სიგნალებიდან და აერთიანებს ჩამოთვლილ ინფორმაციას რადართან და ოპტიკურ გამოსახულებებთან. ამით ხელოვნური ინტელექტი ავლენს იმ გემებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი პოზიციის ტრანსლირებას.

იმის მიუხედავად, რომ ყველა ხომალდს კანონიერად არ მოეთხოვება AIS-ის გამოყენება, ხელოვნური ინტელექტი და მისი ალგორითმი მიზნად ისახავს, რომ მოახდინოს სწორედ ასეთი გემების მონიტორინგი. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში არსებული სამრეწველო გემების 75% საჯაროდ არ კონტროლდება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია სამხრეთ აზიასა და აფრიკაში.

ბაჩანა ტყემალაძე