მსოფლიო ბანკი კმაყოფილია იმ მონეტარული პოლიტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებდა

მსოფლიო ბანკი ძალიან კმაყოფილია იმ მონეტარული პოლიტიკით და იმ ღონისძიებებით, რომელსაც ატარებდა ეროვნული ბანკი ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობასთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად

ამის შესახებ ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ განუცხადა.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკის პოზიციას ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით, ჰენრი კერალიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გააკეთებს.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის თხოვნის გამო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დააჭერინა, ჰენრი კერალიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი ამ საუბრებს და მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა, შესაბამისად, მისთვის რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება.

"ჩვენ როგორც მსოფლიო ბანკი, ამ საუბრებს და მოლაპარაკებებს არ ვესწრებოდით, შესაბამისად, ჩემთვის რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება, რადგან არ ვიცით, რა შინაარსის საუბარი იყო მათ შორის", - განაცხადა კერალიმ.

რაც შეეხება თავად ეროვნული ბანკის საქმიანობას, ჰენრი კერალიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი ძალიან კმაყოფილია იმ მონეტარული პოლიტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს.

"ჩვენ, როგორც მსოფლიო ბანკი, ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მონეტარული პოლიტიკით და იმ ღონისძიებებით, რომელსაც ატარებდა ეროვნული ბანკი ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობასთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად", - აღნიშნა ჰენრი კერალიმ.