„შემოვიდა ახალი, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც კარგია“ - რამ გამოიწვია ჩინური მანქანების რეკორდული იმპორტი

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წელს, 2 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი 80,3%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 658,5%-ით აღემატება. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის მიზეზი რეგულაციებია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 10 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალა.

როგორც ლაშა დარბაისელმა რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, ახალი და ამავე დროს, ბიუჯეტური ავტომობილების ჩამოყვანა სწორედ ჩინეთიდანაა შესაძლებელი.

„ბოლო ცვლილება იყო, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა, განბაჟება აიკრძალა. ამან განაპირობა ის, რომ ახალ ავტომობილებზე წამოვიდა მოთხოვნა. ფასები რომ შევადაროთ, მომხმარებელი ცდილობს, ახალი ავტომობილი შეიძინოს, იყოს კარგიც და ამავდროულად, შეღავათიან ფასშიც იყიდოს. მაგალითად, Mercedes-ი, BMW, ან სხვა მარკა, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე პირობითად ჩინური“,- განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

თუმცა, როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, ისევე როგორც ევროპულ და ამერიკულ ავტომობილებს, ჩინურსაც სატესტო პერიოდის გავლა მოუწევს.

„თავიდან, როდესაც ავტომობილები შემოვიდა, ამერიკიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, მოხდა ბუმი, დავაკვირდით, შემდეგ, მომხმარებელმა აღიქვა, რომ ეს კონკრეტული მარკა გამძლეა, ის - უფრო კომფორტული, ან ნაკლებად გამძლე, ანუ, გამოცადა სხვადასხვა მარკის გამორჩეული თვისებები და ყველამ დაიკავა თავის ადგილი, ჰყავს თავის მომხმარებელი. ჩინურზეც ანალოგიურად იქნება. შემოვიდა ახალი, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც კარგია და იდეალური. სხვა მარკებმაც გაიარეს ტესტირება, მაგალითად, წლოვანების, რამდენ ხანს გაძლებს, რამდენ ხანში დასჭირდება სერვისი, როგორია საწვავის ხარჯი და ა.შ.“,- განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ცნობისთვის, ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში 5.212 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 80.3%-ით აღემატება, 2023 წლის ორ თვეში აზიის ამ ქვეყნიდან საქართველომ 2.890 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა. ამასთან, 658.5%-ით გაიზარდა იმპორტი 2022 წელთან შედარებით, მაშინ იანვარ-თებერვალში საქართველოში ჩინეთიდან 687.2 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა.

რაც შეეხება ელექტროავტომობილებს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდაა. წელს 2 თვეში 5,182 მლნ აშშ დოლარის ელექტრო მანქანების იმპორტი განხორციელდა, რაც 40%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებს. 2023 წლის 2 თვეში 3,689 მლნ აშშ დოლარის ელექტროავტომობილები შემოვიდა.

ამასთან, წელს ყველაზე ბევრი ელექტროავტომობილი სწორედ ჩინეთიდან იყო, კერძოდ, მთლიანი იმპორტის 44% (2,266 მლნ აშშ დოლარის).

ნინი ქეთელაური