რამდენ პროცენტიანი ფასნამატით იყიდება საქართველოში პირველად მოხმარების 9 ძირითადი პროდუქტი

საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ნაწილს საიმპორტო ფასზე გაცილებით ძვირად ვყიდულობთ. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენ პროცენტიანი ფასნამატით იყიდება საქართველოში კანონით განსაზღვრული პირველადი მოხმარების 9 ძირითადი პროდუქტი: მზესუმზირის ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონის ნაწარმი, ფქვილი, ლობიო, შაქარი, ხორბალი და რძის ფხვნილი.

იანვარ-თებერვალში საქართველოში 5,731 მლნ დოლარის 5,726 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოვიდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანას 1 ლიტრი ზეთის იმპორტი 1 დოლარი (კურსით 2,68 ლარი) დაუჯდა. 1 ლიტრი იმპორტული მზესუმზირის ზეთი სუპერმარკეტებში 3,50 ლარიდან 6 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული ზეთი ქსელურ მარკეტებში მინიმუმ 31-124%-იანი ფასნამატით იყიდება.

ამავე პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,648 მლნ დოლარის 2,258 ათასი ტონა ბრინჯი. 1 კგ ბრინჯის იმპორტი საქართველოს აღნიშნულ პერიოდში 0.73 დოლარი (კურსით 1,95 ლარი) უჯდებოდა. 1კგ ბრინჯის ფასი სუპერმარკეტებში 9,7 ლარიდან 12,20 ლარამდე მერყეობს. მონაცემების თანახმად, მარკეტებში 1კგ ბრინჯს 397-526%-იანი ფასნამატით ვყიდულობთ.

რაც შეეხება წიწიბურას, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 201 ათასი დოლარის 389 ტონა წიწიბურა ვიყიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას 1 კგ წიწიბურას იმპორტი 0.52 დოლარი (კურსით 1,4 ლარი) დაუჯდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1 კგ იმპორტული წიწიბურა მარკეტებში 4.90 ლარიდან 12,40 ლარამდე ღირს. მაშასადამე, 1 კგ წიწიბურა მარკეტებში საშუალოდ 250-786%-ით ძვირი ღირს.

იანვარ-თებერვალში საქართველოში 3,151 მლნ დოლარის 2,954 ტონა მაკარონის, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი ვიყიდეთ. მონაცემების თანახმად, მაკარონის ნაწარმის საიმპორტო ფასი საანგარიშო პერიოდში 1,6 დოლარი (კურსით 4,3 ლარი) იყო. ამასთანავე, 1 კგ მაკარონის ნაწარმი სასურსათო ქსელებში 3,5 ლარიდან 12,7 ლარამდე ღირს. მონაცემების თანახმად, საუკეთესო შემთხვევაში 1 კგ იმპორტირებული მაკარონის ნაწარმი მარკეტებში 18.6%-ით იაფად იყიდება, ხოლო უარეს შემთხვევაში, მაქსიმუმ 195%-იანი ფასნამატით.

აღნიშნულ პერიოდში საქართველომ 2,949 მლნ დოლარის 11,750 ტონა ფქვილი იყიდა. 1 კგ ფქვილის საიმპორტო ფასმა იანვარ-თებერვალში 0.25 დოლარი (კურსით 0,67 ლარი) შეადგინა. 1 კგ ფქვილის ფასი კი 2,25 ლარიდან 4,78 ლარამდე მერყეობს. მარკეტებში ფქვილს 236-613%-იანი ფასნამატი აქვს.

რაც შეეხება ლობიოს, საანგარიშო პერიოდში 507 ათასი დოლარის 1,088 ტონა ვიყიდეთ. მონაცემების მიხედვით, 1 კგ ლობიოს საიმპორტო ფასი 0.47 დოლარი (კურსით 1,25 ლარი) იყო. 1.კგ იმპორტირებული ლობიოს ფასი სუპერმარკეტებში 5 ლარიდან 9 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ შემთხვევაში ფასნამატი 300-620%-ის ფარგლებში მერყეობს.

მხოლოდ პირველ ორ თვეში საქართველოში შემოვიდა 6,079 მლნ დოლარის 7,548 ტონა შაქარი. მონაცემები აჩვენებს, რომ 1 კგ შაქრის იმპორტი საქართველოს 0.81 (2,17 ლარი) დოლარი დაუჯდა. 1კგ იმპორტირებული შაქარი 4-ლარიდან 5 ლარამდე ღირს ადგილობრივ მარკეტებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მარკეტებში პროდუქცია 84-130%-იანი ფასნამატით იყიდება.

იმავე პერიოდში იმპორტირებულია 11,894 მლნ დოლარის 47,521 ტონა ხორბალი, ხოლო 1 კგ ხორბლის საიმპორტო ფასმა 0.25 დოლარი (კურსით 0.67 ლარი) შეადგინა. 1 კგ ხორბალი ქსელურ მარკეტებში 3,5 ლარიდან 6,15 ლარამდე ღირს. მარკეტებში 1 კგ იმპორტირებული ხორბალი 422-818%-ის ფასნამატით იყიდება.

დაბოლოს, საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 3,541 მლნ დოლარის 1,543 ტონა რძის ფხვნილი. 1 კგ რძის ფხვნილის იმპორტი საქართველოს 2,29 დოლარი (კურსით 6,14 ლარი) დაუჯდა. 29 ლარიდან 36 ლარის ფარგლებში მერყეობს 1 კგ რძის ფხვნილის ფასი, ანუ იმპორტირებული რძის ფხვნილი 372-486%-ით ძვირად იყიდება.

მერი ტაბატაძე