„ეგვიპტეში სტრატეგიული პარტნიორი არ უნდა იყოს“ - რატომ გაიზარდა ეგვიპტეში ფეროშენადნობების ექსპორტი

წარმოება მინიმუმ 50%-ით შემცირდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა.

2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში საქართველოში ფეროშენადნობების ადგილობრივი ექსპორტი, ბოლო 7 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ისტორიულ მინიმუმზეა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტზე 42,097 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ექსპორტის შემცირება გამოწვეულია მეტალურგიაში შექმნილი მსოფლიო კრიზისით. კევლიშვილის თქმით, პროცესი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

„მეტალურგიაში არსებული კრიზისი მთელ მსოფლიოში ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზია, ასევე, მეტალზე მოთხოვნის შემცირება მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, სილიკონ-მანგანუმზე. ევროპის შუაგულ უკრაინაში 2 წელია ომია, არც ერთი დიდი პროექტი არ ხორციელდება და მოთხოვნა შემცირდა“, - აღნიშნა კევლიშვილმა.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიების უდიდესი ნაწილი გადარჩენისთვის იბრძვის. კითხვაზე, წარმოების შემცირების გამო, სამუშაოს გარეშე დარჩნენ თუ არა სექტორში დასაქმებულები, კევლიშვილი პასუხობს, რომ „პროფესიონალები უსამსახუროდ არ დარჩებიან“.

„დარგში ძალიან მძიმე მდგომარეობა და თუ მეტალურგიაში კრიზისი არ დამთავრდა, უარესი იქნება. უმძიმეს მდგომარეობაშია ფეროშენადნობების მწარმოებელი ყველა კომპანია. გადარჩენისთვის ვიბრძვით ყველა. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პროფესიონალები შევინარჩუნოთ, თორემ შემდეგ ამ ხალხის პოვნა ძნელი იქნება. პროფესიონალებზე მოთხოვნა არის, ისინი უსამსახუროდ არ რჩებიან, აქ არის საუბარი მექურეზე, ოპერატორზე, მათ არ ემუქრებათ უსამსახურობა, თუ კრიზისმა პიკს არ მიაღწია და სხვა სექტორებიც არ ჩაითრია“, - ამბობს კევლიშვილი.

ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციაში აქვთ მოლოდინი, რომ ზაფხულის პერიოდში შესაძლოა მცირედით გაიზარდოს წარმოება, მაგრამ რადგან მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უკონტროლოა, შესაძლოა, მათი მოლოდინი არც წელს გამართლდეს.

„გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში შესაძლოა, ოდნავ გაუმჯობესება იყოს, როცა სამშენებლო პერიოდი იქნება. ადრეც გავაკეთეთ იგივე პროგნოზი, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობას ავცდით. ისე ალოგიკურად განვითარდა მოვლენები, რომ პროგნოზი რთულია“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა ეგვიპტეში. კევლიშვილის თქმით, ეს შესაძლოა, გამონაკლისის სახით უკავშირდებოდეს ეგვიპტის მხრიდან მოთხოვნის ზრდას და რომელიმე კომპანიის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუმცა „ეგვიპტე სტრატეგიული პარტნიორი არ უნდა იყოს“. კევლიშვილის განმარტებით, საქართველოს პარტნიორები ფეროშენადნობების ადგილობრივ ექსპორტში აშშ და თურქეთი არიან.

„ეგვიპტეში შესაძლოა, მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ ის სხვებთან შედარებით სტრატეგიული პარნტიორი არ უნდა იყოს. სტრატეგიულად ჩვენი პარნტიორები არიან აშშ და თურქეთი“, - თქვა კევლიშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში 5 უმსხვილესი ფეროშენადნობების საექსპორტო ქვეყანა - თურქეთი, ეგვიპტე, უკრაინა, რუსეთი და იტალია იყო.

მერი ტაბატაძე