რუბლი ბოლო პერიოდის ყველაზე არასტაბილური ვალუტაა მსოფლიოში

"ბლუმბერგის" ცნობით, ბოლო მონაცემებით რუბლის ღირებულებამ 7 აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ყიდვა რუსეთში 55-56 რუბლადაა შესაძლებელი. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

რუსეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ელვირა ნაბიულინას თქმით, ბანკი გეგმავს უცხოური ვალუტის ყიდვის გაგრძელებას იმისათვის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რეზერვების გაძლიერება მოხდეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ემხრობა ცენტრალური ბანკის ყოფილი მრჩეველი ოლეგ კუზმინი. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცენტრალური ბანკი შეწყვეტს უცხოური ვალუტის ყიდვას ან შეასუსტებს ჩარევას, სხვა შემთხვევაში ნეგატიური შედეგი იქნება", - აღნიშნა კუზმინმა.

რუსეთის ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესყიდვა 13 მაისს დაიწყო, მას შემდეგ სულ 2,9 მილიარდი დოლარის ყიდვა განხორციელდა. ექსპერტთა განცხადებით, რუსული ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკრაინის კრიზისმა, დასავლეთის სანქციებმა და ნავთობზე ფასების დაცემამ განაპირობა.