„ჯერ უნდა გავმდიდრდეთ და მერე დავარიგოთ, ჩვენ ფული არ გვაქვს და ვარიგებთ“ - რომან ჩხენკელი

ჩვენ ჯერ უნდა გავმდიდრდეთ და მერე დავარიგოთ, ჩვენ ფული არ გვაქვს და ვარიგებთ, ეს არის ჩემი პასუხი. ჯერ ფული ვიშოვოთ და მერე დავარიგოთ - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან“ "აუდიტ კონსალტინგისა" და "გრინ სოლუშენის" დამფუძნებელმა რომან ჩხენკელმა. ბიზნესმენი ამით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს გამოეხმაურა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინტერვიუს მცირედი შემოკლებით.

როდიდან იწყება შენი მოღვაწეობა როგორც ბიზნესში, ასევე საჯარო სექტორში?

ჩემი მთელი ისტორია დაკავშირებულია საჯარო სექტორთან, რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, იმის შემდეგ ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში, ამ ხნის განმავლობაში კარიერა მქონდა ყველანაირი, ყველა სტრუქტურაში თითქმის, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ. საკმაოდ საინტერესო კარიერა მქონდა, ძალიან საინტერსო ხალხთან მომიწია მუშაობა ძალიან საინტერესო პროექტებზე.

რაც შეეხება ბიზნესს, 2015 წლიდან ნულიდან დავიწყე. ჩემი ბიზნესი არის რამდენიმე მიმართულების, ძირითადად გვიცნობენ სოფლის მეურნეობის კუთხით, რომელიც სთავაზობს საუკეთესო ტექნოლოგიებს ამ კუთხით, გვაქვს კავკასიის რეგიონში საუკეთესო ხეხილის ბაღები, მსგავსი არავის არ აქვს და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო აუდიტორული კომპანიის მთავარი კონსულტანტი ვარ, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს.

სად უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს, ეს იყო სახელმწიფო სამსახური თუ ბიზნესი?

ადამიანს თუ არ მოგწონს, სადაც მუშაობ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სახელმწიფო იქნება თუ კერძო, თუ არ გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ, ვერ იქნები წარმატებული. იმ პერიოდში, როდესაც მე დავიწყე მუშაობა, 90-იანებში არ იყო კერძო ბიზნესები, თითზე ჩამოსათვლელი იყო და ძირითადად ჯიხურის დონეზე, რეალურად დამსაქმებელი სახელმწიფო იყო, ჩვენ არჩევანი არ გვქონდა.

დღეს 2024 წელს მენტალურად გამოვედით იმ მანკიერებებიდან რაც 90-იანებში იყო?

ერთ ისტორიას გავიხსენებ, ერთ-ერთი დეპარტამენტი ჩამაბარეს, სადაც დაახლოებით, ცხრა იერარქია უნდა გაევლო საქმეს, რომ შემსრულებლამდე ჩასულიყო. მენეჯმენტი იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე შემსრულებელი, ანუ საქმეს აკეთებდა 5 კაცი და უფროსი იყო რამდენიმე ათეული. პირველი, რაც გავაკეთე ყველაფერი ეს გავაუქმე საშტატოთი და სათავეში დავტოვე ორი ადამიანი, უფროსი და მოადგილე. ჩვენი ვალია, ვინც სახელმწიფოს ემსახურება, ის ემსახუროს უანგაროდ და რაც საჭიროა ის გააკეთოს და არ მოითხოვოს ამაში ჩინმედლები. თუ რამე შეგიძლია რომ გააკეთო უკეთესი, უნდა გააკეთო.

რომან, შენ ახსენე რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ბევრი რამ გასწავლა და ბევრ საინტერესო მოვლენასაც შეესწარი, შესაბამისად, მე მინდა მომიყვე ყველაზე დასამახსოვრებელი მიმართულებები...

ალბათ, ერთ-ერთი საინტერესო პროცესი იყო ჩემი მთავრობაში მუშაობის დროს საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის მეოთხე თაობის 4G-ით წოდებული სისტემის დანერგვის პროცესი, ჩვენ მაშინ ვაკეთებდით ამ სისტემის კორდინაციას და ვმუშაობდით ბიზნესთან და ძალიან სწრაფად დავძარით, ძალიან კარგად წავიდა და პირობითად, დღეს რომ ეს 4G ინტერნეტია და სწრაფად მოხდა ამის განხორციელება, ამაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული.

რომან, მინდა გკითხო „გრინ სოლუშენთან“ დაკავშირებით, მინდა მომიყვე ცალკეული მრავალკუთხედები ამ მიმართულებით, კომპანიის პრეისტორია და კონკრეტული საქმიანობა ამ კომპანიის...

2015 წლიდან მე დავიწყე ბიზნესი და ზოგადად ძალიან ბევრს ვფიქრობდი, თუ რა მიმართულებით დამეწყო ბიზნესი, შინაარსი იყო ასეთი, პირველი მე ვნახე ცარიელი წერტილები, რომელსაც ბაზარი არ სთავაზობდა, მე თვითონ მომიწია წასვლა, ისრაელში, იტალიაში, ქარხნის მეპატრონეები გავიცანი, კონტრაქტები გავაფორმე. სხვათაშორის, ბრენსონს აქვს ასეთი ნათქვამი, ყველაზე ადვილი ბიზნესის წარმოება ისაა, როცა სხვა ვერ აკეთებს ან ცუდად აკეთებს ან ღია არის და შეხვიდე იქ და შენ გააკეთო. დაახლოებით ეს თემა იყო, სერვისების მოთხოვნილება იყო, პროდუქტები სჭირდებოდათ, მაგრამ ბაზარი გაჯერებული იყო უხარისხო პროდუქციით.

შემდეგი თემა იყო, როგორ გაგვეკეთებინა სწრაფად ამის პოპულარიზაცია, ამიტომ ავირჩიეთ ტელევიზიის თემა, სადაც დავიწყებდით ჩვენი პროექტების გაშუქებას და ჩვენ არ ვიყავით tv shop, ჩვენ ვაწვდით ყველაფერს იმას, რაც არის რეალურად.

სოციალური სახელმწიფო, ეს შენი აზრით, არის ის მოდელი, რაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ? ჩვენ ძალიან შევიყვარეთ ბოლო წლებში ეს სოციალისტური მიდგომები, მე არ ვაკნინებ ამას, აქვს თავისი გამართლებაც, მაგალითად ჯანდაცვა, სოციალური პროექტია, მე მომწონს, მაგრამ არ მომწონს სახელმწიფო რომ აფინანსებს სტარტაპებს, მაღალრისკიან პორტფელებს. ეკონომიკური მოწყობის რა მოდელი იქნებოდა შენთვის უპრიანი, ჩვენი მენტალობის, ჩვენი აწმყოს და თუნდაც მომავლის გათვალისწინებით?

სანდრო, მაგ თემებზე მე შემიძლია, როგორც მოქალაქემ ისე გიპასუხო, იმიტომ, რომ არის სუფთა პოლიტიკა. ხალხი იბრძვის, რომ მოხვდნენ სახელმწიფო სამსახურში, მე პირიქით, რამდენიმე წელი ვიბრძოდი და ვითხოვდი, რომ წამოვსულიყავი სახელმწიფო სამსახურიდან და ბიზნესში გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა, იმიტომ, რომ ჩემი თავისთვის და ჩემი ოჯახისთვის ასე ჯობდა და გაცილებით წარმატებული ვიქნებოდი ბიზნესში და ესეც არის. ჩვენ ჯერ უნდა გავმდიდრდეთ და მერე დავარიგოთ, ჩვენ ფული არ გვაქვს და ვარიგებთ, ეს არის ჩემი პასუხი. ჯერ ფული ვიშოვოთ და მერე დავარიგოთ. ჩვენ ძალიან კრეატიული ხალხი ვართ, ძალიან კარგად ვაზროვნებთ, როგორც მეწარმეები ჩვენ არ ვართ. მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს. ჩვენი ყველაზე ცნობილი პროდუქტი არის ბორჯომი, რომელიც რუსეთის იმპერიაშია შექმნილი. არ ვართ ჩვენ მწარმოებლები და არ გვაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გვხვდება.

აუდიტორულ საქმიანობაზე მინდა გკითხო, ძალიან საინტერესო მიმართულება, ძალიან მაგარი კომპანია, პროფესიონალი კადრები და რაც მთავარია, საკუთარი ნიშა დღეს ბაზარზე. მე როგორც ვიცი, თქვენ უფრო ლეგალური სერვისების ხაზით მიდიხართ, ყველაზე საჭირბოროტო ხაზია დღეს ქვეყანაში. ამაზე მინდა რომ მიამბო საუბრის ბოლოს...

ეს კომპანია არის აუდიტ კონსალტინგი, მე გეტყვით, რომ ესეთ სერვისებს, ესეთ დონეზე ვერავინ შემოგთავაზებთ. გეტყვით, რომ ყველა წარმატებული აუდიტორი ვინც არის, ან ჩემთან უმუშავია, ან მე მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონია. ძირითადი ბირთვი, რაც არის, ძალიან მაგარმა ხალხმა, ფანტასტიურმა საკადრო რესურსმა მოიყარა თავი. დღეს ფართოდ სთავაზობენ ფინანსურ აუდიტს, ანუ რამდენად სწორად აწარმოებ ბუღალტერიას, არანაირ კავშირში ეს გადასახადებთან არ არის, საგადასახადო აუდიტი ეს სულ სხვა რაღაცაა, ეს არის რასაც ვაკეთებთ ჩვენ, აუდიტ კონსალტინგი ანუ შენი წარმოებული ბუღალტერია რამდენად შეესაბამება საგადასახადო კოდექსს და რამდენად სწორად იხდი გადასახადებს და ალბათ, ბადალი არ გვყავს. არ მინდა ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ.

აუდიტ კონსალტინგი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდით არის დაკომპლექტებული და ძალიან ბევრ საინტერესო სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, გვაქვს უამრავი საინტერესო ქეისი მაგალითად პარტნიორებს უნდათ, გაიგონ შიგნით ფინანსურად რეალური სიტუაცია რა არის, ზოგჯერ არის, რომ თანხების დაკარგვა ხდება და ამას ყველაფერს უშუალოდ ჩვენ ვაკეთებთ. ზოგჯერ არის, რომ აღრიცხვიანობის თემა არასწორად მიმდინარეობს, ისეთი დეტალები როგორიც არის გადასახადებთან და ფულთან დაკავშირებული, ამ ყველაფერს აკეთებს აუდიტ კონსალტინგი.

ძალიან ბევრი ცნობილი, დიდი კომპანია სარგებლობს აუდიტ კონსალტინგის მომსახურებით. ამ კომპანიას ძალიან მაგარი სერვისები აქვს, ძალიან მაგარი გუნდი ყავს და ცოტა ხანში ყველა გაიცნობთ დეტალურად.