მილიარდობით დოლარის ინდუსტრია და სიამოვნება, რომელიც ძვირდება: როგორ დაიპყრო შოკოლადმა მსოფლიო

შოკოლადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულია. თუმცა, ინდუსტრია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, საკმაოდ თავისებურია.

წარმოგიდგენთ ფაქტებისა და სტატისტიკას შოკოლადის შესახებ. გარდა ამისა, გავარკვევთ, თუ რატომ ემუქრება ამ პოპულარულ ნედლეულს გაძვირება:

რა ღირს შოკოლადის მსოფლიო ბაზარი?

ზუსტად რამდენი ღირს შოკოლადის გლობალური ბაზარი დადგენილი არ არის, რადგან სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების შეფასებები განსხვავდება – თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ბაზარი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს.

Mordor Intelligence-ის მონაცემებით შოკოლადის მსოფლიო ბაზარი 2024 წელს 109,13 მილიარდი დოლარია. Confectionery News - 128 მილიარდ დოლარს ასახელებს, ხოლო Statista-ზე 2024 წლის ღირებულება 254,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი MarkNtel Advisors-მა დაითვალა, სადაც აღნიშნულია, რომ შოკოლადის გლობალური ბაზრის წლევანდელი ღირებულება 441 მილიარდი დოლარია.

Dame Cacao-ს თანახმად, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 7,5 მილიონი ტონა შოკოლადს მოიხმარენ.

Statista-ს მონაცემებით, აშშ არის მსოფლიოში წამყვანი შოკოლადის ბაზარი, რომლის ღირებულება 53,46 მილიარდი დოლარია. თუმცა ერთ სულ მოსახლეზე შოკოლადის მოხმარების ყველაზე დიდი მაჩვენებელი კანადას უკავია - აქ ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 7,7 კგ შოკოლადს მიირთმევს. შემდეგ მოდის ევროპის ქვეყნები.

რატომ არის შოკოლადი ასე პოპულარული?

შვეიცარიულ-ბელგიური ფირმის Barry Callebaut-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტკბილეული ადამიანის ხუთივე სენსორზე დადებითად მოქმედებს. გლობალური მომხმარებლების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ჭამს ან სვამს შოკოლადს საკუთარი თავის სამკურნალოდ, ხოლო 47% აღიარებს, რომ ეს არის მისი მოთხოვნილება.

დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია რძიანი შოკოლადი. მას მსოფლიო მოსახლეობის 48%-ზე მეტი ირჩევს. შემდეგია შავი შოკოლადი.

იმის გასაგებად, თუ რატომ არის შოკოლადი ასე პოპულარული, უნდა გაეცნოთ მის ისტორიას. საკონდიტრო ნაწარმი 4 000 წლით თარიღდება. კაკაოს მარცვლის საკვებ პროდუქტად გამოყენების პირველი მყარი მტკიცებულება თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1400 წელს, ჰონდურასში აღმოჩენილ ჭურჭელზე ნაპოვნი ნარჩენების სახით. მაიას და აცტეკების ცივილიზაციები მას ღმერთის საჩუქრად მიიჩმევდნენ.

1870-იანი წლების შუა ხანებში, შვეიცარიელმა შოკოლადის მწარმოებელმა დანიელ პიტერმა შოკოლადი შედედებულ რძესთან შეურია და გამოიგონა რძის შოკოლადი. ეს ყველაფერი შეიცვალა 1879 წელს როდოლფ ლინდტის მიერ კონქის აპარატის გამოგონების შემდეგ. კონტრაპტმა აურია შოკოლადი, რაც მას უფრო გლუვ კონსისტენციას აძლევდა.

თანამედროვე შოკოლადი ოფიციალურად მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის უკვე პოპულარული იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ქალაქში.

1 კგ შოკოლადის დამზადებას დაახლოებით 800 კაკაოს მარცვალი სჭირდება. ხოლო კაკაოს მთავარი მწარმოებლები არიან დასავლეთ აფრიკის ქვეყნები. აქედან კოტ დ'ივუარი ლიდერობს. ის წელიწადში დაახლოებით 2.2 მილიონი ტონა მოსავალს იღებს, რაც გლობალური მთლიანი რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია, შემდეგია განა 1,1 მილიონი ტონით, ხოლო სხვა მსხვილ მწარმოებლებს შორისაა ეკვადორი, კამერუნი, ნიგერია, ბრაზილია და ინდონეზია.

თუმცა ფერმერების ანაზღაურება კოტ-დ'ივუარში სამარცხვინოა. უმრავლესობა დღეში დოლარზე ნაკლებს შოულობს. გავრცელებული ცნობებით კაკაოს ინდუსტრიაში 1,5 მილიონზე მეტი ბავშვი მუშაობს. 43% ჩართულია სახიფათო აქტივობებში, როგორიცაა მძიმე ტვირთის აწევა, მინდვრის დაწვა და ბასრი ხელსაწყოების გამოყენება.

როგორც Fairtrade Foundation აღნიშნავს, კაკაოს ფერმერების უმეტესობას არასოდეს გაუსინჯავს თავისი შრომის ნაყოფი.

რატომ არის შოკოლადი გადაშენების პირას?

როგორც აღვნიშნეთ, კაკაოს ხე უაღრესად ნაზი მცენარეა, ყოველწლიურად მავნებლებისა და დაავადებების გამო მოსავლის 40% იკარგება. და როდესაც კლიმატის ცვლილება იწვევს უფრო მაღალ ტემპერატურას და ხანგრძლივ გვალვებს, მომავალი არ გამოიყურება ნათლად.

მეცნიერთა აზრით, მოსავლიანობა, სავარაუდოდ, საგრძნობლად შემცირდება მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, და არსებობს შანსიც, რომ კაკაოს ხე 2050 წლისთვის გადაშენდეს.

საგულისხმოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე შოკოლადი მნიშვნელოვნად ძვირდება. ბოლო მონაცემებით, ერთი ტონის ღირებულება 10 000 დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 227.5%-იანი ზრდაა, ასევე, მაქსიმუმია შოკოლადის ისტორიაში. აქამდე შოკოლადზე მაქსიმალური ფასი 1977 წელს დაფიქსირდა, მაშინ ბირჟებზე ერთი ტონა შოკოლადის ღირებულება 4700 დოლარამდე იყო.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი