"დოიჩე ბანკი" რუსი კლიენტების მიერ ფულის გათეთრების საქმეს იძიებს

გერმანული "დოიჩე ბანკი" რუსი კლიენტების მიერ ფულის გათეთრების საქმეს იძიებს.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, უმსხვილესი გერმანული ბანკი ეჭვობს, რომ რუსმა კლიენტებმა დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის გათეთრება შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ბანკმა "დოიჩე ბანკს" 2014 წლის ოქტომბერში მიმართა თხოვნით, შეემოწმებინა ზოგიერთი რუსი კლიენტის ანგარიშები.

საქმე ეხება რუსი კლიენტების მიერ "დოიჩე ბანკის" მეშვეობით აქციების რუბლში შეძენას და სინქრონულ გარიგებებს ლონდონში, რომლის დროსაც ბანკი ერთსა და იმავე მოცულობის აქციებს დოლარში ყიდულობდა სხვა მხარისგან.

აპრილში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის რეგულატორებმა "დოიჩე ბანკი" 2,5 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს საპროცენტო განაკვეთების მანიპულირებისთვის.