GRPO აუქციონში ქარის, ჰიდრო და მზის ელექტროსადგურების პროექტებით მონაწილეობს

გასულ კვირას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის მხარდამჭერი მექანიზმის СFD-ის მეორე აუქციონის პირველადი შედეგები გამოცხადდა. ამასთანავე, ცნობილი გახდა მედიანური ტარიფები, რაც, რიგ შემთხვევაში, პირველი აუქციონისგან განსხვავებით, დაბალია.

„საქართველოს განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (GRPO)“ ფინანსური დირექტორი ნუკა მშვიდობაძე აცხადებს, რომ აუქციონში რამდენიმე პროექტით მონაწილეობენ - ერთი მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგური, ერთი მზის ელექტროსადგური და ქარის 2 ელექტროსადგური.

როგორც მშვიდობაძემ განმარტა მედიანური ტარიფები ჰიდროელექტროსადგურებისთვის 6.5 ცენტით, ქარის სადგურებისთვის 6 ცენტით, ხოლო მზის სადგურებისთვის 5 ცენტით განისაზღვრა. მისი თქმით, მათ წარდგენილი პროექტების ნაწილი მედიანურ ტარიფზე დაბალია და აქვთ იმედი, რომ რამდენიმე პროექტით გაიმარჯვებენ.

„რამდენიმე პროექტი მედიანურ ტარიფს ქვემოთ არის. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლოა, გავიმარჯვოთ რამდენიმე პროექტში, ველოდებით შედეგებს. ვისურვებდი მეტ ტარიფს ყველა ტექნოლოგიაში. როგორც იცით, მეორე აუქციონში განსაზღვრული ტარიფები ნაკლებია, ვიდრე პირველ აუქციონში.

პატარა ჰიდროთი ვართ შესული აუქციონზე, ეს არის მდინარის მოდინებაზე არსებული 3-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ახლოსაა იმ სადგურთან, რომელსაც ვავითარებთ და მშენებლობის ეტაპზე გადავა. შევედით მზის ელექტროსადგურით, რომელიც გვინდა, რომ განვათავსოთ გორის მიწებზე და გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა. გვაქვს კიდევ ქარის ორი სადგურის პროექტი“, - განაცხადა მშვიდობაძემ.

რაც შეეხება კასპის პროექტს, როგორც მან განმარტა, ამ შემთხვევაში ძველი მხარდაჭერის მექანიზმს ე.წ PPA-ს ელოდებიან.

„ამ ნაწილში ველოდებით კონცეფციის ბარათის დამტკიცებას და შემდეგ მემორანდუმის ხელმოწერაზე გადავალთ. წინა წელს PPA ვისაც დაპირებული ან ხელმოწერილი ჰქონდა და ვადა ჰქონდა გასული ან რაიმე მსგავსი, წერილები დაეგზავნათ და ვისაც აწყობდათ, შეეძლოთ, გაეგრძელებინათ. ახალ პროექტებს მხოლოდ CFD აუქციონში შეეძლოთ მონაწილეობა“, -აღნიშნა ნუკა მშვიდობაძემ.

მერი ტაბატაძე