ირაკლი ქარქაშაძე - 2029 წლისთვის უკვე უნდა გვქონდეს ახალი აეროპორტი

უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაზე ტენდერს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. გეგმის მიხედვით, რომელიც უფრო დამუშავებას და დაზუსტებას საჭიროებს, 2029 წლისთვის ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ახალი აეროპორტი და დავიწყოთ ტრანზიტული პერიოდი, როდესაც თბილისის არსებულ აეროპორტს გადავიტანთ ახალ აეროპორტში , - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე.

მისი თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მთავრობის დავალებით, ერთი წლის განმავლობაში არაერთი კვლევა ჩაატარა, სადაც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკი. დეტალურად იქნა შეფასებული 2 ვერსია: არსებული აეროპორტის განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია.

,,შეირჩა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ყოფილი ტერიტორია, რომელიც დღეს საერთოდ არ ფუნქციონირებს. დღეს პრემიერმა გააჟღერა საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენ შევდივართ აქტიურ ფაზაში. რაც ნიშნავს თბილისის ახალი აეროპორტის პროექტირებას და მშენებლობას. უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ ვაზიანის აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებაზე ტენდერს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. ეს იქნება ძალიან ინტენსიური სამუშაოები და საკმაოდ ამბიციური განაცხადია იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი აეროპორტი არის 4.5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობის და ჩვენ ვსაუბრობთ პირველი ფაზის ფარგლებში წელიწადში 10 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობაზე, საბოლოო პროექტი კი 20 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობას გულისხმობს. აქ მხოლოდ აეროპორტების და სახელმწიფოს როლზე საუბარი არ არის, კერძო სექტორსაც ძალიან დიდი როლი ენიჭება, იმისთვის რომ ეს ამბიციური განაცხადი ვაქციოთ რეალობად და მოვიზიდოთ ამ რაოდენობის მგზავრები, ავიაკომპანიები და სრულიად სხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურაზეა საუბარი‘, - ’ აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

აეროპორტის გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეის მდგომარეობით არჩევანი გაკეთებულია და ნომერ პირველი გეგმა აეროპორტის განვითარების სამოქმედო გეგმის ფუნდამენტურ დოკუმენტად გარდაქმნაა.

,,გენერალური გეგმა იქნება ის დოკუმენტი, რომელიც სრულიად მოფენს ნათელს პროექტის ფაზებს, კერძო სექტორის ჩართულობას, მათ შორის კაპიტალურ დანახარჯებს’’,- აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

მისი თქმით, ფინანსურ მოდელები დამატებითი კვლევის საგანია, რომელიც ნაწილობრივ იქნება გაწერილი ე.წ. მასტერპლანის დოკუმენტში.

“სახელმწიფოს ექნება მნიშვნელოვანი როლი პროექტის, როგორც დაფინანსებაში ისე მართვაში. ასევე მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტი იყოს სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ ‘’, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე, რომლის კომენტარსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.