„ვიდრე პანდემიის დროს დანარჩენ მსოფლიოს ეძინა, საქართველო აშენდა“ - რა პროექტებს ახორციელებს ADB-ი საქართველოში

საქართველო 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) რიგით 57-ე წლიურ შეხვედრას პირველად უმასპინძლებს. ADB-ი 2007 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში სტრატეგიული რეფორმების განხორციელებას, ავითარებს ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებსა და შესაბამისი ცოდნის გაღრმავებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ADB-ი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მან საქართველოსთვის გასცა 4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის 86 სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.

„ვფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიდრე პანდემიის დროს დანარჩენ მსოფლიოს ეძინა, საქართველო აშენდა. ეს საკმაოდ შთამბეჭდავია. ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტები მნიშვნელოვანია არამარტო შუა დერეფნის კორიდორისთვის, ასევე ვაჭრობის გაფართოებისთვის და საქართველოს დაკავშირებისთვის ევროპასთან“, - ლესლი ბეარმან ლამი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა 13 ქალაქში 24-საათიანი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა. ქალაქების ნაწილში პროგრამა დასრულებულია, ნაწილში კი, წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნულ 13-ქალაქს შორისაა აბაშა, ანაკლია, ფოთი, ურეკი, მესტია, ჯვარი, ჭიათურა, ქუთაისი, ზუგდიდი, გუდაური, მარნეული, ბოლნისი და თელავი.

„2021 წელს აზიის განვითარების ბანკმა დაამტკიცა მულტიტრანშული დაფინანსების საშუალება 500 მლნ დოლარის ფარგლებში, რომელიც მოხმარდა ურბანული სერვისების გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება საქართველოს 13 ქალაქში. დამატებით დამტკიცდა სექტორის განვითარების პროექტი, რომელიც მოიცავდა 100-მილიონიან პროგრამას, რის ფარგლებში მოხდა თელავის წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება“, - მურმან კაციტაძე, შესყიდვების უფროსი ოფიცერი ADB-ში.

ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით აღმოსავლეთ-დასავლეთის 410 კილომეტრიანი მაგისტრალის ოთხი მონაკვეთი გაუმჯობესდა. აღნიშნული მონაკვეთების საქართველოს სატრანზიტო ვაჭრობის 60%-ზე მეტს ატარებს და ტვირთების გადაზიდვის რეგიონული კვანძია.

კერძოდ, 2018 წელს დამტკიცდა ხევი-უბისას შორის ოთხზოლიანი 12 კმ-ის სიგრძის გზის პროგრამა, რომელიც მოიცავდა 38 ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობას და აღნიშნული პროექტი უკვე დასრულებულია. 2019 წელს დამტკიცდა შორაპანი-არგვეთას შორის 14.7 კმ ორზოლიანი სავალი ნაწილის მშენებლობის პროექტი, რის საშუალებითაც ზესტაფონის მონაკვეთის გავლა 30-60 წუთის ნაცვლად, 5-7 წუთში იქნება შესაძლებელი. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის გახსნა დაგეგმილია ზაფხულში. გარდა ამისა, ADB-ის პროექტებს შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის კიდევ ორი მონაკვეთი - ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები. ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული პროექტების დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი.

1-1712650073.jpg

2021 წელს აზიის განვითარების ბანკმა გამოყო 101 მლნ ევროს ოდენობის სესხი საქართველოში ურბანულ ცენტრებში საჯარო სივრცეების, ბიბლიოთეკების, ელექტრონული სწავლების ცენტრების, სპორტული კომპლექსებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ქუთაისის საცურაო აუზის მშენებლობა. მსგავსი ტიპის საცურაო აუზი საქართველოში ამ დრომდე არ არსებობდა, ის სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, ადაპტირებულია შშმ-პირებისთვის, უზრუნველყოფილია წამმზომის სენსორული ნიშნულებით და ა.შ.

„ეს საცურაო აუზი აკმაყოფილებს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო მოთხოვნას და აქვს პოტენციალი, უმასპინძლოს ნებისმიერი დონის საერთაშორისო ტურნირს. ბევრი ახალგაზრდა მოვიზიდეთ და ქუჩას მოვაცილეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს კვალიფიციური მწვრთნელები და სპორტსმენები, რომლებიც კარგ შედეგებს დადებენ“ - გიორგი ქუთათელაძე, ვეტერანი ტრენერი ქუთაისის საცურაო აუზზე.

saghdad-1712650160.jpg

გარდა ურბანული განვითარებისა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 2023 წელს „საქართველოს კაპიტალის“ მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განხორციელდა, სადაც 16 მლნ დოლარის ინვესტირება მოხდა და მიღებული თანხა ენერგიისა და განათლების მიმართულებას მოხმარდა.

მნიშვნელოვანი იყო ADB-ის როლი საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლარში, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებულ პირველ ინვესტიციაში. ADB-მ 2023 წელს 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა შპს „თეგეტა მოტორსის“ 2.6 წლის ვადით განთავსებულ ლარში დემონირებულ მწვანე ობლიგაციებში. დაფინანსდა ნულოვანი ემისიის მქონე 200-ზე მეტი მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი და საქართველოში 70 დასამუხტი სადგურის ქსელის მოწყობა.

„ეს პროექტი იყო საქართველოსა და სრულად რეგიონისთვის პირველი პრეცედენტი, როდესაც კერძო კომპანიამ შეძლო, განეხორციელებინა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაში ინვესტიციის მოზიდვა. 70 ელექტრო დამტენის განთავსება დაიწყო ეტაპობრივად, დღეისათვის შეძენილი გვაქვს 60 ელექტრო დამტენი და შემდგომი 10-ის დამატება მოხდება მიმდინარე წელს“, - მანანა ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.

sdfjnajkfsa-1712650199.jpg

ამასთანავე, 2022 წელს ADB-იმ 4 მილიონიანი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების (GRPO)“ მწვანე ობლიგაციებში.

„განვახორციელეთ კომერციული ფინანსური ტრანზაქცია. განვათავსეთ 80 მილიონი დოლარის ობლიგაციები საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ეს იყო უმსხვილესი კორპორატიული ტრანზაქცია იმ დროისთვის და უპრეცედენტო ინტერესი მოჰყვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორებისგან. ამ ტრანზაქციის განხორციელება ADB-ის გარეშე ბევრად ძნელი იქნებოდა“, - ნუკა მშვიდობაძე, GRPO-ს ფინანსური დირექტორი.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტების, რომლითაც აზიის განვითარების ბანკის დახმარებით სხვადასხვა სექტორის განვითარება ხდება. ADB-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს საქართველოში სიღარიბის დაძლევას, უთანასწორობის შემცირებას, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, კლიმატური კატასტროფებისადმი მდგრადობის გაზრდას, სოფლის განვითარებას, სასურსათო უსაფრთხოებას, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და თუ რეგიონულ ინტეგრაციას.

მერი ტაბატაძე