„უცხოური რეზერვების გრაფაში ოქრო არის ნული, მე გავანულე - ზოდები გადავადნე და საინვესტიციო მონეტა გამოვუშვი“

„როდესაც ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვების გრაფას ჩახედავდით, იქ ეწერა ევრო, დოლარი ძირითადად, და ა.შ. მაგრამ ოქრო იყო ნული. ვინ გაანულა იცით? მე გავანულე“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „ევროოპტიმისტების“ დამფუძნებელმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა, სებ-ის საცავში 1,2 მლნ დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ინახებოდა, რომელიც მან ავსტრიაში წაიღო, გადაადნო და საინვესტიციო მონეტები გამოუშვა.

„წავიღე ეს ოქრო ავსტრიაში, გადავადნე, გამოვუშვი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ოქროს საწმისის საინვესტიციო ოქროს მონეტა 6 სხვადასხვა ნომინაციის, ერთი ძალიან პატარა ფრჩხილის ოდენა, მეორე სტანდარტული 31 გრამი და ერთი იყო მჭადის ოდენა, მთელ მსოფლიოს მოედო. თქვენ ეროვნული ბანკის საიტზე რომ შეხვიდეთ, ამაზე ლამაზი ოქროს საინვესტიციო მონეტა არ არსებობს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც გოცირიძემ განმარტა, საუბარია დაახლოებით 6-7 ზოდზე. მისი თქმით, ოქროს ზოდების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელდა.

„ოქროს საწმისის მონეტას ვერ იყიდით ახლა თქვენ, ეს იყო ძალიან სერიოზული პოპულარიზაცია ჩვენი ისტორიის, კულტურის, ქვეყნის პრესტიჟის ამაღლების და ნუმიზმატებმა დაიტაცეს. ახლა რომ გინდოდეთ, ვერ იყიდით, არ არის ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მერი ტაბატაძე