ხელოვნური ინტელექტი 2025 წელს ადამიანზე ჭკვიანი იქნება - მასკი

ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი მოდელების შესაძლებლობები ადამიანის გონებას უკვე 2025 წლის ბოლოსთვის გადააჭარბებს. ამის შესახებ Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თავის სოციალურ ქსელ X-ზე ნორვეგიის კეთილდღეობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლაი ტანგენთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ვვარაუდობ, რომ, დაახლოებით, მომავალი წლის ბოლოს გვექნება AI, რომელიც ყველაზე ჭკვიან ადამიანზე უფრო ჭკვიანი იქნება,“ - ამბობს მასკი.

მისი პროგნოზით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული, ზოგადი ხელოვნური ინტელექტის (Artificial General Intelligence-AGI) შესაძლებლობები, რომელსაც ადამიანის დონეზე გონებრივი სამუშაოს შესრულება შეუძლია, ყველა ადამიანის შესაძლებლობებს გადააჭარბებს.

მასკი 2023 წელსაც პროგნოზირებდა, რომ „სრული“ AGI-ი 2029 წლისთვის მიიღწევა, ხოლო Google DeepMind-ის თანადამფუძნებელი, დემის ჰასაბისი პროგნოზირებს, რომ ეს 2030 წლისთვის მოხდება.

მასკის თქმით, ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებას ამჟამად მოწინავე ჩიპების დეფიციტი უშლის ხელს. მაგალითად, თავად მასკის სტარტაპი, xAI-ი მოდელ Grok 2-ის ვერსიას ასწავლის, რომელიც, მილიარდერის აზრით, კომპანია OpenAI-ის GPT-4-ზე უკეთესი იქნება. Grok 2-ის დატრენინგებას Nvidia H100-ის 20,000 ჩიპი დასჭირდა, ხოლო უფრო მოწინავე Grok 3-ისთვის, დაახლოებით, 100,000 ჩიპი იქნება საჭირო.

ამასთან, მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომდევნო ერთ ან ორ წელიწადში AI-ის განვითარებისთვის გადამწყვეტი ელექტრომომარაგება იქნება.

ხელოვნური ინტელექტის სფეროში სტარტაპი, xAI-ი ილონ მასკმა 2023 წელს, OpenAI-ისთან კონკურენციისთვის დააარსა. მასკი თავად OpenAI-ის თანადამფუძნებელიცაა, თუმცა კომპანია მან 2018 წელს, აღმასრულებელ დირექტორ სემ ალტმანთან უთანხმოების შემდეგ დატოვა. მასკმა კომპანიას სასამართლოში იმ ბრალდებით უჩივლა, რომ OpenAI-მა თავდაპირველი მისია დაივიწყა და ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის საკეთილდღეოდ კი არა, მოგების მისაღებად განავითარა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ