ბათუმში სასტუმრო Orbi Beach Tower აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად, ბათუმში, Orbi Beach Tower-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 50 მილიონი ლარის ინვესტიციით 1000-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი შენდება.

მთავრობის მეთაურმა "ორბი ჯგუფს" კიდევ ერთი საინტერესო პროექტის დაწყება მიულოცა და კომპანიის მენეჯმენტს მაქსიმალური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ორბი ჯგუფი" ძალიან წარმატებული კომპანიაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკაში.

"მათ განხორციელებული აქვთ 450 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვენის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. მთავრობის სახელით, მინდა დავუდასტურო მხარდაჭერა კომპანიას, მის მენეჯერებს, რომლებიც ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწევიან. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ზოგადად აჭარაში და საქართველოში მშენებლობები სერიოზული ტემპებით ვითარდება. გასულ წელს გვქონდა 27%-იანი ზრდა მშენებლობაში, წელს აჭარაში უკვე გაიხსნა რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასე რომ, ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.