რა ეკონომიკური სარგებელი მიიღო საქართველომ 2023 წელს დასავლეთის ქვეყნებიდან

საქართველომ 2023 წელს დასავლეთის ქვეყნებიდან 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ეკონომიკური სარგებელი მიიღო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე წერს.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ დასავლეთის ქვეყნებიდან მიიღო:

  • 1.2 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია
  • 2 მილიარდი დოლარის ემიგრანტების გადმორიცხული თანხა
  • 800 მილიონი დოლარის შემოსავალი საქონლის ექსპორტიდან
  • 700 მილიონი დოლარის შემოსავალი ტურიზმიდან
  • 700 მლნ დოლარის შემოსავალი სხვადასხვა მომსახურების ექსპორტით (ტურიზმის გარეშე)
  • 1.5 მილიარდი დოლარის სესხები და დეპოზიტები ქართულ ბანკებში
  • 500 მილიონი დოლარის სესხები ქართულ კომპანიებზე
  • 800 მილიონი დოლარის სესხები და გრანტები საქართველოს მთავრობაზე

„ეს ჯამში 8 მილიარდი დოლარია და ეს არ არის სრული სურათი, რადგან ყველა ეკონომიკური ურთიერთობები არ არის აღრიცხული ქვეყნების მიხედვით. მხოლოდ ერთ წელში 8 მილიარდი დოლარი!

და გაცილებით მეტის მიღება შეგვიძლია თუ უფრო დავუახლოვდებით დასავლეთს და უკეთესი ეკონომიკური გარემო გვექნება.

რუსული კანონი გვაშორებს დასავლეთს და აუარესებს ეკონომიკურ გარემოს“, - წერს ბესო ნამჩავაძე.

მერი ტაბატაძე