„მაგთიკომი“ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდეს და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისროს - კომისია

„მაგთიკომი“ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდეს და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისროს, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია.

მათივე შეფასებით, ეს გარემოება წინასწარი რეგულირების გარეშე, სულ მცირე მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები დაზარალდებიან.

„ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს.

ComCom-მა დღეს კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება,“- ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს).

თაია არდოტელი