"ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებელს აზარალებს"

„საქართველოს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებლებისთვის არის ზიანის მომტანი“, - აღნიშნულის შესახებ ევროკავშრის ექსპერტების დასკვნაშია საუბარი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარდა და მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსურ კვლევას შეეხება.

დასკვნის შედეგებით, მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქართველ აბონენტებზე და მათ მნიშვნელოვნად აზარალებს.

ექსპერტების შეფასებიბით, აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია "მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის - „მაგთიკომისთვის“ სპეციფიკური ვალდებულებების დაწესებით, რაც გულისხმობს, რომ ოპერატორი ვალდებული იქნება საკუთარ ქსელზე მსურველი კომპანიები დაუშვას, რათა გაიზარდოს კონკურენცია და დაშვების მსურველმა ოპერატორებმა ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ".

მომხმარებლებისთვის არახელსაყრელი გარემო კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული შედარებითი ფასების ანალიზშიც ნათლად გამოიხატა, რომლის მიხედვით, ქართველ აბონენტებს მაღალი სიჩქარისა და მოცულობის მომსახურებებში, ევროპელ მომხმარებლებთან შედარებით პრემიუმ ფასების გადახდა, ან დაბალი სიჩქარისა და მომსახურებების არჩევა უწევთ.

"აღნიშნული მონაცემი, იმის გათვალისწინებით, რომ წლებთან ერთად სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, განსაკუთრებით კი მობილური ინტერნეტის გამოყენება მზარდია (2022 წელს- 12 გბ, 2023 წელს -14 გბ) ნათლად ასახავს თუ როგორი შემზღუდველია ქართული მობილური ბაზარი აბონენტებისთვის.

საყურადღებოა ისიც, რომ ოპერატორებმა ბოლო წლებში საცალო ტარიფების ცვლილება ერთმანეთის პარალელურად განახორციელეს, კერძოდ, ერთი ოპერატორის მიერ ფასის ცვლილებას, მოჰყვა მალევე მეორე ოპერატორის მხრიდან მსგავსი ქმედება, თითქმის ანალოგიური პროცენტული ცვლილებით. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბაზარი კონკურენტული არ არის, რაც მომხმარებლებს ართმევს არჩევანს და შემზღუდველ პირობებს უქმნის.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ბაზარზე არ არსებობს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და შემდგომ დანერგვის მოტივაცია, ხოლო ქართველი მომხმარებელი მსოფლიოში დანერგილ ინოვაციებს მუდმივად ჩამორჩება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულმა ოპერატორებმა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, დაგვიანებით განახორციელეს 3G-სა და LTE სერვისების გაშვება, ხოლო 5G, რომელიც ევროპაში უკვე რამდენიმე წელია ფართოდაა დანერგილი, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული",- აღნიშნულია დასკვნაში.

ყველა გამოვლენილი გამოწვევიდან გამომდინარე, კვლევაში მონაწილე ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ქართული ბაზარი დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება. ამასთან, ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება და მომხმარებლები მომავალშიც დაზარალდებიან. აღნიშნული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით კი, ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ძალის (SMP) ოპერატორისთვის შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებების შემოღების საჭიროება დაინახეს.

ნინი ქეთელაური