ფიქციური დოკუმენტებით ბინადრობის ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის 182 მოქალაქე ცდილობდა - ანგარიში

2023 წელს ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე, სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის 182 მოქალაქე ცდილობდა. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი მოკვლევის შედეგად, გამოვლინდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე და მათ მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლებიც შესაბამისი ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყალბი მონაცემების შემცველ სარეკომენდაციო წერილებს გასცემდნენ.„საანგარიშო პერიოდში სამსახურმა განიხილა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას. საქართველოს მოქალაქეობის სხვადასხვა წესით მინიჭება/შენარჩუნება/აღდგენასთან დაკავშირებით განხილულ იქნა 12 402 საქმე.

გატარებული ოპერატიული და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე, სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვის მიღებას ცდილობდა უცხო ქვეყნის 182 მოქალაქე, რის შესახებ ინფორმირებულ იქნენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები.

აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღების საკითხში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხელშემწყობი პირების კავშირებისა და მათი შესაძლო უკანონო საქმიანობის გამოვლენის მიზნით. შედეგად, დადგენილ იქნა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე და მათ მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლებიც შესაბამისი ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყალბი მონაცემების შემცველ სარეკომენდაციო წერილებს გასცემდნენ.

საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღების მსურველთა შორის, სამსახურმა გამოავლინა პირები, რომლებიც ინტერპოლის ან ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების მიერ იძებნებოდა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. მათ შესახებ ინფორმაცია ეცნობა შესაბამის უწყებებს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ნინი ქეთელაური