„ეს ნორმატიული ხარვეზი არაა - კანონმდებლობის არშესრულებასთან გვაქვს საქმე“

„სახელმწიფოს მხრიდან კანონმდებლობის არშესრულებასთან გვაქვს საქმე“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ სამართლის დოქტორი და სამშენებლო სამართლის ლექტორი უჩა ზაქაშვილი არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების პროცესის მესამედ გადავადებას.

როგორც ზაქაშვილი განმარტავს, კოდექსის ამოქმედებაზე პასუხისმგებელი იყო ეკონომიკის სამინისტრო. სწორედ მას უნდა უზრუნველეყო შესაბამისი რეგულაციების მიღება და მოემზადებინა სამართლებრივი ბაზა ცვლილების განხორციელებისთვის. მიუხედავად ამისა, ამოქმედება უკვე მესამედ, 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადაიდო.

„კოდექსმა, რომელიც სამშენებლო კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა 2019 წლიდან მშენებლობის ხარისხობრივი საკითხების გაუმჯობესება დაუკავშირა სპეციალისტებს, ანუ სამშენებლო ბაზარზე არსებული ფიგურანტების კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც უნდა გამოხატულიყო სერტიფიკატებში. სახელმწიფოს თავისი ორგანიზაციების ან დამოუკიდებელი ასოციაციების მეშვეობით უნდა განეხორციელებინა პროცესი.

არაერთხელ გადავადდა, კოდექსი ვერ შესრულდა, ეს ნორმატიული ხარვეზი არაა, პირიქით, კანონმდებლობის არშესრულებასთან გვაქვს საქმე სახელმწიფო სუბიექტების მხრიდან, მათგან, ვისაც ევალება ამ კანონის შესრულება - პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტროს, რადგან მათი ქვემდებარე იყო პროექტის განხორციელება, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება, სამართლებრივი ბაზების შექმნა, რა სტანდარტით და ვის მიერ უნდა განხორციელებულიყო სერტიფიცირება“, - განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.

სამართლის დოქტორი კოდექსის არამოქმედებაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს. მისი თქმით, მივიღეთ მდგომარეობა, როცა კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების ამოქმედებამდე, სამშენებლო ბაზარზე შესაძლებელია მშენებლობა განახორციელონ არაკვალიფიციურმა კადრებმა და განხორციელდეს დასკვნების ყიდვა.

„ახლა გვაქვს კოდექსი, რომელსაც აქვს კარგი მიზნები, მაგრამ ის თუ არ აღასრულა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით უფლებამოსილმა ორგანომ, დაგვრჩება ცარიელ ლამაზ სიტყვებად. რომ ვერ განხორციელდა, ამაზე პასუხისმგებლობა 100%-ით ეკისრება სახელმწიფოს. ამდენი წელი რაში დახარჯა სახელმწიფომ, მოამზადა პროექტები, დაიწუნა, ისევ მოამზადა, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. დღეს სამშენებლო ბაზარზე ისევ შესაძლებელია არაკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით მშენებლობა, დასკვნების ყიდვა და ა.შ. რაც ხარისხზე უარყოფითად აისახება და სრულიად აცდენილია კოდექსის მოთხოვნებს“, - განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.

დაბოლოს, როგორც ზაქაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ახალი ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდებოდა ცვლილებების განსახორციელებლად, 5 წელი ჰქონდა ხელისუფლებას იმისთვის, რომ ევროპაში არსებული სტანდარტები ეთარგმნა და საქართველოზე მოერგო, თუმცა აღნიშნულისთვის, პირველ რიგში, ნება იყო საჭირო.

შეგახსენებთ, სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე გადავადდა. ცვლილებების შედეგად ამოქმედების პერიოდი კიდევ ერთხელ 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა.

მერი ტაბატაძე