ქართველ მენეჯერებს გერმანულ ბაზარზე უკეთ საქმიანობისთვის მოამზადებენ

გერმანული მხარე ქართველ მენეჯერებს გერმანულ ბაზარზე უკეთ საქმიანობისა და გერმანულ-ქართული ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით მოამზადებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ გერმანული კომპანიების ინფორმირებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაციას უმასპინძლა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს, გერმანიის ბუნდესტაგის, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ.

საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს თაობაზე მოხსენებები გააკეთეს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ევროკავშირის შიდა ბაზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეას ობერშტელერმა, აღმოსავლეთ ევროპაში გერმანული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარემ მარკუს ფელსნერმა და "Berlin Economics"-ის ხელმძღვანელმა რიკარდო გიუჩიმ.  ღონისძიებაზე აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და გაწეული ძალისხმევა.

"აღმოსავლეთ ევროპაში გერმანული ეკონომიკური კავშირი დიდი ხანია რაც საქართველოში საქმიანობს და მოხარული ვართ, რომ მრავალი კომპანიის საქართველოში ჩამოყვანა შევძელით. აშკარაა, რომ გერმანული კომპანიების ინტერესი მატულობს, მაგრამ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათი რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას. გერმანული ეკონომიკისათვის საქართველო დაუჯერებელი პოტენციალის მქონე ქვეყანაა. საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურა, რეგიონის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, შეესაბამება საშუალო და მცირე მეწარმეებით ძლიერ გერმანულ ეკონომიკურ სტრუქტურას და სწორედ ამიტომ ჩვენ საქართველოს ნამდვილი "ფანები" გახლავართ და ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეემატოს ჩვენს რიგებს", - განაცხადა მარკუს ფელსნერმა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ქართველი ბიზნესმენებისათვის საინტერესო ინიციატივა გააჟღერა. უახლოეს მომავალში საქართველოში დაიწყება ქართველი მენეჯერების მომზადება გერმანულ ბაზარზე საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით. ამან უნდა უზრუნველყოს ქართულ და გერმანულ საწარმოებს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერება და ქართველი მეწარმეებისთვის გერმანულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობის მინიჭება. იმედია, რომ ამ ინიციატივას ქართველი მეწარმეები გამოეხმაურებიან. დაწვრილებით ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნებს.

საქართველოში ბიზნესის წარმოებისათვის არსებულ მიმზიდველ შესაძლებლობებზე ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელმა ალექსანდრე პაპიაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია საელჩოში ჩატარდა კომპანია "Berlin Economics"-ის სამუშაო ჯგუფის „GET Georgien“ (German Economic Team Georgien), აღმოსავლეთ ევროპაში გერმანული ეკონომიკური გაერთიანებისა (Osteuropaverein der deutschen Wirtschaft) და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით.