„აეროპორტი ავიაკომპანიის გარეშე“ - ასე აფასებს HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა „ბიზნესპრესნიუსთან“ ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას.
როგორც მან განმარტა, ახალი აეროპორტის მშენებლობის საჭიროება გამოწვეული უნდა იყოს ავიაკომპანიის მოთხოვნითა და შესაძლებლობით. ვაზიანის შემთხვევაში კი, ჩვენ არ გვაქვს ავიაკომპანია და ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაშენებთ.
„აეროპორტი კეთდება ავიაკომპანიის მოთხოვნისა და საშუალების მიხედვით. ჯერ არის ავიაკომპანია და მას მერე სჭირდება ბაზა, სადაც თვითმფრინავები უნდა გააჩეროს და რეისები შეასრულოს და არა პირიქით. მივესალმები ყველა აეროპორტის მშენებლობას, მაგრამ გაუგებარია აეროპორტი ავიაკომპანიის გარეშე რა შეიძლება იყოს“, - აღნიშნა მან.
კოდუას თქმით, იმისთვის რომ ქვეყანას ახალი აეროპორტიდან ეკონომიკური სარგებელი ჰქონდეს, საჭიროა, ადგილობრივი კომპანია, რომელიც 50-100 თვითმფრინავს მაინც განკარგავს. საქართველოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების უმეტესობას ათ თვითმფრინავამდეც არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რამდენად მომგებიანი იქნება ვაზიანი საქართველოსთვის.
„იმ მასშტაბის პროექტისთვის, რაც დაანონსდა, საჭიროა ლოკალური ავიაკომპანია მინიმუმ 50-100 თვითმფრინავით, რათა აეროპორტი იყოს ეკონომიკურად ეფექტური. 50 კი არა, 10 თვითმფრინავი არ მოიაზრება ერთი ავიაკომპანიის ხელში დღეს“, - ამბობს გიორგი კოდუა.
რაც შეეხება თბილისის აეროპორტის განვითარებას, კოდუა ამბობს, რომ დედაქალაქის აეროპორტს აქვს პოტენციალი, გაზარდოს მგზავრთა რაოდენობა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ვაზიანის აეროპორტი 17 მლნ მგზავრს მოემსახურება, კოდუას თქმით, TAV Georgia-ს აქვს პოტენციალი 10-15 მილიონი მგზავრის მომსახურების, რაც სრულიად საკმარისია.
„საქართველოს ზომის ქვეყანა 10 მილიონს ვერ მიაღწევს მომავალი 10 წლის განმავლობაშიც კი. ძლივს ავიდნენ 20 წელში 500 000-დან 3 მილიონ მგზავრამდე თბილისის აეროპორტში. აეროპორტი გვაქვს, არ განვიცდით ნაკლებობას და განვითარების საშუალებაც არის“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს განაცხადა, რომ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოითქვა არაერთი მოსაზრება, გაჩნდა კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება ვაზიანის აეროპორტის ოპერირებაში ჩართული, გაუგრძელდება თუ არა ხელშეკრულება TAV Georgia-ს 2027 წლის შემდეგ, რა საჭიროა 15 კმ-ში ორი საერთაშორისო (თბილისი და ვაზიანი) აეროპორტი და ა.შ. პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ დამატებითი განმარტებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
იხილეთ ასევე: „რაში გვჭირდება 2 აეროპორტი 15 კმ-ში - ვემშვიდობებით „ტავ ურბანს“, თუ ვუგრძელებთ კაბალურ ხელშეკრულებას“
„თურქული ავიაკომპანიების მომარაგების წყარო ვართ - საინტერესოა, ვინ ჩაერთვება ვაზიანის ოპერირებაში“