„საბიუჯეტო დანაკარგი იქნება“ - ვინ მიიღებს სარგებელს ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებებით

ოფშორებიდან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოებიდან საქართველოში ქონების/ბიზნესის გადმოტანის გადასახადებისგან გათავისუფლება საბიუჯეტო დანაკარგებს გამოიწვევს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

როგორც ალაფიშვილი ამბობს, ცვლილებების შედეგად, სარგებელს მიიღებენ ის პირები, ვინ ოფშორებიდან აქტივებს საქართველოში გადმოიტანენ და ამისთვის გადასახადებს არ გადაიხდიან. რეალურად, მოქალაქეებისა და ბიუჯეტისთვის ამას დადებითი შედეგი არ ექნება.

„კონკრეტული ფიზიკური პირისთვის, რომელიც დღეს ოფშორში ფლობს ბიზნესს და გადმოიტანს, საგადასახადო შეღავათი იქნება ის სარგებელი, რომელსაც მიიღებს ეს ფიზიკური პირი, მაგრამ ვერ მიიღებს სახელმწიფო. ბიუჯეტი და გადასახადის გადამხდელები ვერ მივიღებთ მოგების, ქონების გადასახადებს, საშემოსავლო თუ სხვას, რომელსაც შეიძლება დაექვემდებაროს. ამის დასაბუთება მეტი რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ცუდი და ის კითხვის ნიშნები, რაც გამჭვირვალობასთან და ინიციატივის სასწრაფო წესით განხილვასთანაა დაკავშირებული, მოიხსნებოდა.

გარდა ამისა, ეკონომიკა არსებითად ახალ შევსებას რაიმე აქტივებით ვერ მიიღებს. დავუშვათ, აქციები არ იყო და ბაზარზე შემოვიდა ან უძრავი ქონება არ იყო და ის შემოვიდა - ასეთს ადგილი არ ექნება ამ შემთხვევაში. გამოდის, რომ მხოლოდ და მხოლოდ, ის ფიზიკური პირები ისარგებლებენ, ვინც აქტივებს გადმოიტანს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

იურისტის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შედეგად ეკონომიკის მნიშვნელოვანი შევსება ვერ განხორციელდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი ლეგიტიმურობა.

„ეკონომიკას მნიშვნელოვანი შევსება არ ექნება. საბიუჯეტო დანაკარგიც იქნება, ბუნებრივია, დღეს თუ გადასახადს ექვემდებარება და ათავისუფლებ, იმ გადასახადის ოდენობით ვერ შეივსება ბიუჯეტი. სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესი ამ ინიციატივაში ნაკლები შეიძლება იყოს. სახელმწიფო ბიუჯეტი არ შეივსება და მეორე, ამის სანაცვლოდ ეკონომიკაში ზრდისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება. გაუგებარია ლეგიტიმური მიზანი“, - განმარტა იურისტმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები პარასკევს დაამტკიცა. ცვლილები ეხება როგორც ფიზიკური პირებისთვის დავალიანების ჩამიოწერას, ასევე ოფშორული ქვეყნებიდან ქონების საქართველოში გადმოტანას.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიხედვით, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები ჩამოეწერებათ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1 იანვრამდე, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება. საგადასახადო დავალიანების ოდენობა კი, ჯამურად დაახლოებით 591 458 571 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება შეღავათიანი დაბერგვის მქონე ქვეყნებთან დაკავშირებულ ცვლილებას, ცვლილების მიხედვით საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

მერი ტაბატაძე