ბიტკოინის ახალი მონეტების გამოშვება ზედიზედ მეოთხეჯერ განახევრდა

ბიტკოინმა ახალი მონეტების გამოშვების მოცულობა უკვე მეოთხეჯერ გაანახევრა. ბაზარზე დიდი მოთხოვნის ფონზე კრიპტოვალუტის მიწოდების შემცირება დროთა განმავლობაში, როგორც წესი, მისი კურსის ზრდას განაპირობებს.

Bitcoin-ის განახევრება, ანუ Halving-ი ბიტკოინის კოდში დაგეგმილი და დაპროგრამებული მოვლენაა. ახალ ბიტკოინებს ქმნიან მაინერები, რომელთა კომპიუტერები რთულ გამოთვლებს ასრულებენ, ეს გამოთვლები კი ადასტურებენ ტრანზაქციებს საჯარო რეესტრში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ეს ტრანზაქციები შეფუთულია ბლოკებად და მაინერები ამ ახალი ბლოკების დასრულებაში, ანუ ბლოკჩეინში მათ დამატებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ასეთი ბლოკები ბლოკჩეინზე, დაახლოებით, ყოველ 10 წუთში ჩნდება. როცა ტრანზაქციების ბლოკს მაინერი საბოლოოდ ადასტურებს, ეს მაინერი, ეგრეთ წოდებული, ბლოკის ჯილდოს (block reward-ის) სახით ახლადგამოშვებულ ბიტკოინებს იღებს. 20 აპრილს, თბილისის დროით 4:10 სთ-ზე ამ ჯილდოს ზომა კიდევ ერთხელ, კერძოდ, 6,25-დან 3,125 BTC-მდე განახევრდა, რაც მაშინდელი კურსით, დაახლოებით, 200 ათას დოლარს შეადგენდა.

ბიტკოინი Halving-ის დროს 64 ათას დოლარად ივაჭრებოდა, ხოლო მისი კაპიტალიზაცია 1,16 ტრლნ დოლარს შეადგენდა.

პირველად ბტკოინის ახალი მონეტების გამოშვება 2012 წლის ნოემბერში, შემდეგ 2016 წლის ივლისში, ბოლოს კი 2020 წლის მაისში განახევრდა. თავიდან მაინერები ბლოკჩეინზე დამატებული ტრანზაქციის ბლოკისთვის ჯილდოდ 50 BTC-ს იღებდნენ, თუმცა ყოველ ჯერზე ეს თანხა ნახევრდებოდა.

წელს უნიკალური სიტუაციაა, როცა ბიტკოინმა წინა მაქსიმუმს განახევრებამდე პირველად გადააჭარბა. კერძოდ, მარტში BTC-ის ფასი 73 ათას დოლარამდე გაიზარდა. ფასების ზრდის ძლიერი ფაქტორი იანვარში ბიტკოინისთვის ჩაშვებული აშშ-ის სპოტური საბირჟო ფონდების (ETF) მხრიდან მოთხოვნაა, რომლებიც ბიტკოინს პაიების მხარდასაჭერად ყიდულობენ. ისინი უკვე, დაახლოებით, 50 მლრდ დოლარის ბიტკოინს მართავენ, რაც არსებული მონეტების 4%-ზე მეტს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ