„მოსალოდნელია რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის მატება“

„შარშანდელთან შედარებით, როდესაც მიმდინარე წლისათვის მიგრაციის ეფექტის შემცირება იყო ნავარაუდევი, ახლა ამ მხრივ მცირედით, მაგრამ მაინც მატება უფრო რეალისტურია“ - „თიბისი კაპიტალი“ ყოველკვირეულ კვლევაში მოსალოდნელ პროგნოზებზე წერს.

კვლევის თანახმად, რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის მატება უკრაინაში მოვლენების შემდგომი ესკალაციის გაზრდილ ალბათობას უკავშირდება. „ეკონომიკის ზრდის სხვა ფაქტორებიდან, ასევე საყურადღებოა ტრადიციული ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაღალი საკრედიტო აქტივობა.

ჯამური ინფლაცია კვლავ დაბალია, თუმცა მომსახურების სფეროში ფასების დინამიკა, როგორც ჩანს, სამიზნეზე მაღალი დარჩება. ამ ფონზე, და იმის გათვალისწინებით, რომ აშშ დოლარში განაკვეთების შემცირების მოლოდინებმა შედარებით უფრო გადაიწია, ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის განმავლობაში დაახლოებით 8%-ის ფარგლებში იქნება. ამავდროულად, საერთაშორისო მასშტაბით და ასევე ადგილობრივ კონტექსტში რისკების ზრდა, თავისთავად, შერბილების საწინააღმდეგო არგუმენტებია.

ლარის კურსის მხრივ, უკვე მარტშიც აღინიშნება წმინდა სავალუტო შემოდინებების მაღალი მაჩვენებელი, რაც მხოლოდ მიგრაციის ეფექტით არაა გამოწვეული. ამასთან, ჩვენი შეფასებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით კვლავ გამყარებას აჩვენებს“ - წერია კვლევაში.

ეკა დარჩიაშვილი