„გზას ვუხსნით საეჭვო წარმომავლობის თანხებს და იგივე შეღავათებს არ ვუწესებთ „თეთრ ფულს“

„გერმანიიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, თუ ვინმე მსგავს ოპერაციებს გააკეთებს, ე.ი მას დავბეგრავთ, მაგრამ ვირჯინიის კუნძულებიდან, პანამიდან, მარშალის კუნძულებიდან თუ შემოიტანს, არ დავბეგრავთ, სად არის აქ ლოგიკა?!“,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

საუბარია პროექტზე, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა კიდეც. ცვლილები ეხება როგორც ფიზიკური პირებისთვის დავალიანების ჩამოწერას, ასევე ოფშორული ქვეყნებიდან ქონების საქართველოში გადმოტანას. უფრო კონკრეტულად, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

„თუ გინდა, რომ ინვესტიციების მოზიდვას ხელი შეუწყო, ცვლილებას არ გააკეთებ მხოლოდ ოფშორებზე. იგივე, გერმანიიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, თუ ვინმე მსგავს ოპერაციებს გააკეთებს, ე.ი მას დავბეგრავთ, მაგრამ ვირჯინიის კუნძულებიდან, პანამიდან, მარშალის კუნძულებიდან თუ შემოიტანს, არ დავბეგრავთ, სად არის აქ ლოგიკა?! ე.ი გზას ვუხსნით საეჭვო წარმომავლობის თანხებს, ოფშორებს და იგივე შეღავათებს არ ვუწესებთ „თეთრ ფულს“, ღია ფულს, დასავლურ ინვესტიციებს. რატომ ვაკეთებთ დისკრიმინაციულს (ცვლილებებს)? თორემ ეს რომ ყოფილიყო ზოგადი პოლიტიკა, შეიძლება, არც მიგვექცია ყურადღება, არავის გახსენებოდა, რომ ოფშორებსაც ეხება. ზოგადად რომ ეთქვათ, უცხოურ კომპანიებს, ვინც გადმოიტანს საქართველოში აქტივებს, საგადასახადო შეღავათებს დაგიწესებთ... მაშინ ასე უნდა გაეკეთებინათ. არა, ეს გააკეთეს მხოლოდ ოფშორებისთვის, დაჩქარებულად. რატომ დაჩქარებულად?!“,- აღნიშნა ბესო ნამჩავაძე.

კითხვაზე, როგორ შეიძლება საქართველო უფრო მიმზიდველი იყოს ვიდრე ოფშორული ზონები, ბესო ნამჩავაძე ამბობს: „ მაშინ უნდა შესთავაზო უფრო დიდი გარანტიები, ვიდრე დღეს არის ოფშორულ ზონებში. ეს არის გაუმჭვირვალობა. ოფშორის გარანტია არის გაუმჭვირვალობა, კონფიდენციალურობა, ვერ გაიგო ვისია ეს ფული, არ დაინტერესდე წარმომავლობით და შემდეგ არის დაბალი გადასახადები. დაბალი გადასახადები იქ იმდენად არ არის მიმზიდველი, როგორც გაუმჭვირვალობა. თორემ ასეთი დაბალი გადასახადები ბევრ არაბულ ქვეყანაში არის“,- განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

ნინი ქეთელაური