გიორგი კვირიკაშვილი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტლის კვარტალთან შედარება ანალიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სტატისტიკურად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტლის კვარტალთან შედარება "ანალიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის". ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა.

"საერთოდ, სტატისტიკურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტლის კვარტალთან შედარება არ არის ინდიკატიური, ანუ ეს არ არის ანალიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს მონაცემებში დინამიკა იქნება სხვანაირი, თუმცა ის, რომ დავუშვათ იყო ცვლილება, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინაიდან, ძირითადი ჩვენი ინვესტორი ქვეყნები არიან ისინი, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულები ნავთობის ფასზე. ამიტომ საინვესტიციო მადა ასეთ ქვეყნებში დღეს არ არის ისეთი, როგორც უწინ, როდესაც ნავთობის ფასი იყო მაღალი, ამიტომ აქ გასაკვირი განსაკუთრებულად არაფერია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, კიდევ რა ფაქტორებმა განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, კვირიკაშვილის თქმით, ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.  "მათ შორის ჩვენს გარშემო ყველა ქვეყანაში დევალვაციის ფაქტორი და ა.შ. ამიტომ დაველოდოთ, წლის ბოლომდე ბევრი დროა კიდევ. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტიცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაჩვენებლები წლის ბოლოს უფრო უკეთესი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, როგორია პროგნოზები, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ "დღეს რთული იქნება ამ პროგნოზის გაკეთება". საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 34 %-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2015 წლის I კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის I კვარტალში 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 34 პროცენტით ნაკლებია.