ნახევარი ცარიელია - პარიზელი ოტელიერებისთვის ოლიმპიადისთვის გაძვირებული ფასები წამგებიანი აღმოჩნდა

პარიზელი სასტუმროები ოლიმპიური თამაშებისთვის გაზრდილი ფასების გამო კლიენტების გარეშე დარჩნენ. ოლიმპიადის დაწყებამდე სამი თვით ადრე სასტუმრო ნომრების მხოლოდ ნახევარი არის სავსე, რის გამოც ოტელიერებს ფასების შემცირება უწევთ. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

პარიზელმა ოტელიერებმა ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოდან დაიწყეს სასტუმრო ნომრების მნიშვნელოვნად გაძვირება ოლიმპიური თამაშებისთვის, ანუ მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდისთვის. ანალოგიურად გაძვირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა ტურისტულ სერვისები.

თუმცა, სასტუმრო ბაზრის ანალიტიკური კომპანია Lighthouse-ის მონაცემებით, ამჯერად ოლიმპიადისთვის სასტუმრო ნომრის დღე-ღამის ღირებულება მუდმივად მცირდება, რამაც გასული წლის სექტემბერში დაფიქსირებულ 800 ევროზე მეტი ოდენობიდან ამჟამად 500 ევროზე ნაკლები შეადგინა. მხოლოდ ბოლო 30 დღის განმავლობაში სამვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 9%-ით, ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში 8%-ით, ხოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში 6%-ით დაეცა.

Lighthouse-ის შეფასებით, პარიზის სასტუმროების ამჟამინდელი ბაზარი კვლავაც 50%-მდე არის დაკავებული, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. თუმცა ერთი თვის წინ The Independent წერდა, რომ პარიზში ტურიზმის უმაღლესი ოფიციალური პირები ოლიმპიური თამაშებისთვის სასტუმროების 60-დან 70%-მდე დონეზე შევსებას მოელოდნენ. შედარებისთვის: 2023 წლის ივლისში ამ ბაზრის დაკავებულობის საშუალო მაჩვენებელი 91% იყო.

პარიზის რეგიონის ტურიზმის გენერალურ დირექტორ კრისტოფ დეკლუს ცნობით, რეგიონში 160,000 ნომერია, რაც ლონდონის 2012 წლის თამაშების მაჩვენებელზე მეტია.

“ჩვენ ყველაფერი გვაქვს ყველას მოსაწყობად. თუ შევადარებთ 2012 წლის თამაშებს, მაშინაც ლონდონის სასტუმროები თავიდან მეტად ძვირი ღირდა და მათ ფასების შემცირება მოუწიათ, ხოლო როგორც კი ფასები მომხმარებელთა რეალურ მოთხოვნას დაემთხვა, მასპინძელი ქალაქის დაკავებულობის მაჩვენებელი 2012 წელს აღდგა,” - აცხადებს დეკლუ.

თუმცა, Lighthouse-ის თანახმად, ოლიმპიური თამაშებისთვის პარიზის სასტუმროების საერთო ფასები, მიმდინარე წლის სხვა პერიოდებთან შედარებით, კვლავ 95%-ით მაღალია.

განსახლებისთვის ყველაზე ძვირი თარიღი შეჯიბრებების დახურვის თარიღი, ანუ 4 აგვისტოა, როცა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის ღირებულება დღე-ღამეში, საშუალოდ, 1,566 ევროა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ