ირაკლი კობახიძე ფონდი „ქართუს“ განცხადებაზე - ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია

ბუნებრივია, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებით მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ფონდი „ქართუს“ განცხადებაზე საფეხბურთო ნაკრებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ეროვნული ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ.

„ბუნებრივია, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებით მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და მადლობა ამისთვის ფონდ „ქართუს“ და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ჯილდო დააწესა, როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ისე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები. ევროპის ჩემპიონატზე ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენ ნაკრებს“.

ამასთან მან ისაუბრა ახალ სტადიონთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობაც იგეგმება. კობახიძის თქმით, ქალაქს ახალი სტადიონი სჭირდება.

„რაც შეეხება სტადიონს, სტადიონიც არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ განსაკუთრებული გამოხატულება. ჩვენ ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით,რომ არის სირთულეები, სხვადასხვა ტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის დინამოს სტადიონის ტევადობა არის 51 000. ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისთვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენ გულშემატკივრებს და ასევე, იმისთვის, რომ შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენ დედაქალაქში. ასევე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე, ბუნებრივია, აშენდება ახალი სტადიონი. ეს გეგმები მთლიანად დაკავშირებულია ჩვენ მოტივაციასთან, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას“-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ კონკრეტულად, როგორც ასეთი, სპორტულ წარმატებას. ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, უკეთეს სოციალურ განვითარებას და ა.შ.

„ამიტომ, სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. გუშინ ვისაუბრე იმაზე, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება სპორტის მიმართ. ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, სპორტში იყო უხეში ჩარევა და ამან მოიტანა ის, რომ 9 წლის განმავლობაში არათუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, არამედ პირიქით, 1990-იან წლებთან შედარებითაც უკან წავიდა. ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, „ნორჩი დინამოელის“ ბაზა დაანგრიეს, ასევე, თბილისის დინამო ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომელმაც ჩვენი საამაყო კლუბი მხოლოდ უკან დახია. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. გავიმეორებ, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ისიც აქტიურად განსაკუთრებული მოტივაციით უჭერს მხარს ქართულ სპორტს. იცით, რომ ფონდ „ქართუს“ ამას გარდა უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის ათეულობით მილიონია დახარჯული მაგალითად, რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს“, - აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დააჯილდოებს. ამის შესახებ განცხადებას ფონდი „ქართუ“ ავრცელებს.