„ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 15 წთ-ი დასჭირდება“ - საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის გაჭრა დასრულდა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.

დეპარტამენტის ცნობით, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები. ამასთან, ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას.

  • „პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას;
  • საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც;
  • ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წთ-ი დასჭირდება;
  • პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე;
  • ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც;
  • ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება;
  • ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ნინი ქეთელაური