ბჟანია: სოხუმის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესდებათ

სოხუმის აეროპორტის ამოქმედებამ, შესაძლოა, დამატებითი სანქციები გამოიწვიოს იმ ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში იფრენენ - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიამ განაცხადა, რასაც ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.

ბჟანაია, ასევე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) უტევს და აცხადებს, რომ ICAO საქართველოს ინიციატივით სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და გაშვების პროექტს ბლოკავს.

„სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისას ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის გამო სირთულეების წინაშე ვდგავართ. ICAO, რომელიც სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლას არეგულირებს და ერთიან წესებს ადგენს, საქართველოს ინიციატივით რეკონსტრუქციის პროექტს ბლოკავს. პროექტი, ასევე, დაბლოკილია ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი მოკავშირე რუსეთი აეროპორტის აღდგენაში გვეხმარება და მუშაობა გრძელდება,“ - ამბობს ბჟანია.

მისი თქმით, აეროპორტის ამოქმედებაზე აფხაზეთში არსებული რთული ენერგეტიკული ვითარება არ იმოქმედებს.

„შეიქმნება პირობები, რომ ამ სტრატეგიულმა ობიექტმა უწყვეტი ელექტროენერგია მიიღოს. შეიქმნება ენერგიის ალტერნატიული წყაროები და დამატებითი სიმძლავრე დამონტაჟდება,“ - აცხადებს ბჟანია.

ის აეროპორტისთვის საჭირო სიმძლავრის მოცულობიდან გარკვეული ნაწილის მზის პანელებით მიღებასაც არ გამორიცხავს.

სოხუმის აეროპორტის კომპლექსური რეკონსტრუქცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ ეტაპზე ასაფრენი ბილიკი აღდგება, ასევე, მგზავრებისა და ავიაკომპანიების მომსახურების ოპერატიულად დასაწყებად დროებითი ნაგებობები აშენდება. მეორე ეტაპზე თანამედროვე ახალი სამგზავრო ტერმინალი მთლიანი საწარმოო და მომსახურების ინფრასტრუქტურით, ასევე, ახალი ბაქანი აშენდება.

ამჟამად აეროპორტში სამშენებლო ქალაქი ეწყობა და ბეტონის ქარხანა მონტაჟდება, ასევე, იმ შენობებსა და ნაგებობებს ანგრევენ, რომლებიც მგზავრებისა და თვითმფრინავების მომსახურებისთვის ზედმეტია. პარალელურად ასაფრენი ზოლის, მოსახვევი ბილიკისა და ბაქანის ზედაპირების განახლება, ასევე, ხეებისა და ბუჩქებისგან ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.

ამ სამუშაოების დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტი პირველი ტექნიკური რეისის მიღებას შეძლებს, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის ასაფრენი ბილიკის აღდგენის, საჭირო აღჭურვილობის დამონტაჟების, ასევე, მგზავრებისა და თვითმფრინავებისთვის დროებითი მომსახურე ნაგებობების მოწყობის შემდეგ პირველი სამგზავრო რეისი შესრულდება. მარშრუტების სიაც სწორედ მაშინ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის: აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ეწევა, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს (130,3 მლნ დოლარს) შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ